LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასლან ბჟანიას ქართველი თანაშემწე ჰყავს? – რა განცხადებას ავრცელებს დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტი“

139
BeFunky-collage (62)

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტის“, ასლან ბჟანიას პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ ბჟანიას განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში თანაშემწე რუსი ეროვნების ალექსანდრე მირელია.

მანამდე კი Telegram არხზე მომხმარებელმა RESPUBLICA-მ გამოაქვეყნა ცნობა იმის შესახებ, რომ ასლან ბჟანიას „ქართული წარმომავლობის თანაშემწე“ ჰყავს, ის მირილაშვილია და მირელი მისი გადაკეთებული გვარია.

მოგვიანებით კი, ამავე არხის მეშვეობით განაცხადეს, რომ მირელი საქართველოს დიასპორის წევრების ჩამონათვალში, რუსეთში საქართველოს ეროვნულ-კულტურული ავტონომიის ვებსაიტზე იძებნება.

ბჟანიას პრესსამსახურში ჟურნალისტებს მოუწოდეს, „გადაუმოწმებელი საიტებიდან არ გამოაქვეყნონ ინფორმაცია, არ ამოიღონ მათთვის საჭირო ფოტოები და ფრაზები ზოგადი კონტექსტიდან“.

„ინტერნეტპორტალის მონაცემებს თუ დავუჯერებთ, მაშინ გიორგი დიმიტრიევიჩ გულია და ფაზილ აბდულოვიჩ ისკანდერიც ქართული დიასპორის წევრები არიან. ვიმედოვნებთ, რომ მათი წარმოშობა კითხვებს არ აჩენს. თუმცა, ისკანდერისა და გულიას ფოტოები, ალექსანდრე მირელის ფოტოსთან ერთად, ამ ვებგვერდზეა განთავსებული განყოფილებაში „ადამიანები ქართული დიასპორიდან“, – აცხადებენ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტის“ პრესსამსახურში.

მათივე ინფორმაციით, ალექსანდრ მირელი დაიბადა, გაიზარდა და შრომითი საქმიანობა დაიწყო სოხუმში და მოგვიანებით კი რუსეთში გადავიდა.

პრესცენტრის ცნობით, რუსეთის ფედერაციაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობის 23-წლიანი გამოცდილებისთვის მირელი, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ბორის გრიზლოვის, მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, კირილესგან დაჯილდოებულია მედლებით, ღირსების სიგელებით, მადლიერებისა და მისასალმებელი წერილებით.

„დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი გამოცდილება და პროფესიული უნარები ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზეთის რესპუბლიკისთვის.“– ნათქვამია განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g