გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი “ასტრაზენეკას” ვაქცინის მიღების შემდეგ, მეორე დოზით, “მოდერნას” ვაქცინით აიცრა.
მერკელმა “ასტრაზენეკას” პირველი დოზა აპრილში, მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყნის მარეგულირებელმა ორგანოებმა აღნიშნული ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცეს 60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებში.
მეორე დოზით აცრის დროს, ვაქცინის ცვლილებაზე ნებართვა რამდენიმე ქვეყანამ გასცა.
ამ ეტაპზე, შერეული ვაქცინაციის ეფექტიანობაზე რამდენიმე სამედიცინო კვლევაც მიმდინარეობს.
ევროპაში “ასტრაზენეკას” მიღება მილიონობით ადამიანისთვის უსაფრთხო აღმოჩნდა, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში, ვაქცინირებულ ადამიანებში თრომბოემბოლია გამოვლინდა, რის გამოც იმუნიზაციის პროცესი “ასტრაზენეკას” ვაქცინით დროებით შეჩერდა, მოგვიანებით კი გარკვეული ასაკობრივი კატეგორიისთვის დაუშვეს.
მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის მარეგულირებელმა ორგანოებმა განაცხადეს, რომ ამ ვაქცინის სარგებელი აჭარბებს რისკებს, გერმანიამ “ასტარზენეკას” ვაქცინით მოსახლეობის აცრა განაახლა.
“ალჯაზირას” ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში ჯანდაცვის ექსპერტებმა და იმუნოლოგებმა გაავრცელეს რეკომენდაცია, რომ ადამიანებმა, რომლებიც პირველი დოზით “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრნენ, სასურველია, მეორე დოზად სხვა ვაქცინა მიიღონ.
მსგავსი გადაწყვეტილება ევროპის რამდენიმე ქვეყანამ მიიღო.
გერმანიაში ბოლო კვირების განმავლობაში ვაქცინაცია წარმატებით მიმდინარეობს. 22 ივნისის მონაცემებით, მოსახლეობის 51.2 %-მა უკვე მიიღო ვაქცინის პირველი დოზა.