საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფი ასტრონავტები საინტერესო ექსპერიმენტს ჩაატარებენ – უწონობაში ლუდს მოხარშავენ.
როგორც ამერიკული კომპანია Starbase Brewery წერს, Nasa-მ სადგურზე 2 ტვირთი უკვე გაგზავნა. ერთ-ერთი ლუდის ხარშვისთვის საჭირო ინვენტარს მოიცავს და მეცნიერებს ძალიან აინტერესებთ გაიგონ, თუ როგორ რეაგირებს საფუარი გრავიტაციის არარსებობაზე რადიაციის პირობებში. მიღებულ შედეგებს მკვლევრები სამომავლოდ კოსმოსში საკვებისა და სასმლის წარმოების მეთოდების შემუშავებისთვის გამოიყენებენ.
პროგრამის მეორე ეტაპი უკვე დედამიწის მიღმა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანას გულისხმობს. ექსპერიმენტის ფარგლებში მოამზადეს ნიადაგის ნაზავი, რომელიც მარსის ნიადაგის იმიტაციით დამზადდა. მკვლევრები პირველ რიგში ქერის მოყვანას შეეცდებიან და შემდეგ კოსმოსში სოფლის მეურნეობის წარმოების შესაძლებლობას შეაფასებენ.
საინტერესოა, რომ ეკიპაჟი ამერიკელი, რუსი და იაპონელი ასტრონავტებისგან შედგება და ისინი სადგურზე რამდენიმე თვეს დაყოფენ.