ევროკავშირმა Ocean and Waters პროგრამის ფარგლებში 13 ახალი პროექტი შეარჩია და თითოეული მათგანი მიზნად ევროპული ზღვისა და მდინარის ეკოსისტემების აღდგენას ისახავს. სპეციალისტები ყველა მნიშვნელოვან აუზში იმუშავებენ – ხმელთაშუა, ბალტიისა და შავ ზღვაში, დუნაიში, ასევე ატლანტისა და არქტიკის რეგიონებში.
შერჩეული პროექტების ამოცანაა ბიომრავალფეროვნების დაცვა და აღდგენა, თევზის მარშრუტების შენარჩუნება, თევზჭერით გამოწვეული ზიანის შემცირება და ეკოლოგიური პროგრამების მონიტორინგის ციფრული სისტემების დანერგვა.
ერთ-ერთი პროექტი, DanubeLifelines, დუნაიში თევზის მიგრაციის ბუნებრივი მარშრუტების აღდგენაზე იმუშავებს.
ბოლო ათწლეულში უნიკალური სახეობების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა ხელოვნური ბარიერების გამო – ძირითადად კაშხლებისა და ჰიდროელექტროსადგურების, რომლებიც თევზის მიგრაციასა და ნაშენს აფერხებენ. კვლევამ აჩვენა, რომ დუნაიზე არსებული მრავალი ბარიერი უკვე აღარ გამოიყენება. პროექტი შეადგენს მათ სრულ რუკას, რის საფუძველზეც მოძველებული ნაგებობები დემონტაჟდება, შემდეგ კი გაგრძელდება სანაპირო ეკოსისტემების აღდგენა, ჭარბტენიანი ტერიტორიების რეაბილიტაცია და მდინარის შენაკადებს შორის კავშირების აღდგენა.
ორი სხვა ინიციატივა – ECO CATCH და MarineGuardian – იმუშავებს სათევზაო საქმიანობის ნეგატიური გავლენის შემცირებაზე ატლანტისა და არქტიკის ოკეანეებში. სათევზაო გემებზე დამონტაჟდება ხელოვნური ინტელექტის სისტემები, რომლებიც ეკიპაჟს რეალურ დროში მიაწვდიან სურათს ზღვის ფსკერიდან.
ახალი ტექნოლოგია გემებს საშუალებას მისცემს განსაზღვრონ, შესაძლებელია თუ არა ამ რაიონში თევზაობის გაგრძელება, იქნებ საჭიროა მისი დაუყოვნებლივ შეწყვეტა ან ნაკლებად ინვაზიური მეთოდის გამოყენება.
გარდა ამისა, პროექტი მოიცავს ახალი ტექნოლოგიების განვითარებას, რომლებიც ზღვის ფაუნასა და ფლორას მცირე ზიანს მიაყენებენ.