Audi მომდევნო 24 თვის განმავლობაში უარს იტყვის ინტერიერის დიზაინის ამჟამინდელ კონცეფციაზე, რომელიც 2023 წელს დაინერგა და სენსორულ ეკრანებზე იყო ორიენტირებული. ამის შესახებ ბრენდის ტექნიკურმა დირექტორმა რუვენ მორმა ავსტრალიურ გამოცემა GoAuto-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ივნისში წარმოდგენილი მესამე თაობის Audi Q7 ერთ-ერთი ბოლო მოდელი იქნება, რომელიც Digital Stage კონცეფციის სალონით გამოვა.
Audi-ს ხელმძღვანელობამ აღიარა, რომ ინტერიერის მკვეთრმა „გაციფრულებამ“ მომხმარებლების მოწონება ვერ დაიმსახურა, განსაკუთრებით ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ავსტრალიის ბაზრებზე.

კომპანიის ახალი სტრატეგიის, Radical Next-ის ფარგლებში, Audi უფრო ტრადიციულ ერგონომიკას დაუბრუნდება. ეს ნიშნავს, რომ ავტომობილებში სენსორული ეკრანები შემცირდება, ხოლო ფიზიკური ღილაკებისა და გადამრთველების რაოდენობა გაიზრდება.
რუვენ მორის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა როგორც მართვის ტაქტილურ შეგრძნებებს, ისე გამოყენებული მასალების ხარისხს. მისი თქმით, თუ ინტერიერში მეტალის დეტალია გამოყენებული, ის ნამდვილი მეტალისგან უნდა იყოს დამზადებული და არა მისი იმიტაციისგან.

სალონის ახალი არქიტექტურის დანერგვა დაიწყება კომპანიის მომავალი ელექტრომობილებითა და სპორტული მოდელებით, რომელთა შორის იქნება A4 e-tron სედანი და უნივერსალი, Q7 e-tron კროსოვერი და Nuvolari კუპე.