თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით არსებული კითხვების გამო, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 31 შემომწირველია დაბარებული.
პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურმა მორიგი შუალედური ანგარიშში გაავრცელა.
აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ზურაბ აზნაურაშვილის განცხადებით, შემომწირველთა გამოკითხვის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა ამ დროისთვის გამოკითხულია მხოლოდ 14 ფიზიკური პირი.
„ვაკეთებთ ანალიზს, შემოსავლების სამსახურიდან ვიღებთ ინფორმაციას სასამართლოს წესით, თუ რა შემოსავალი ჰქონდათ აღნიშნულ პირებს. შემდგომ ვთხოვთ მობრძანებას სამსახურში, რათა წარმოგვიდგინონ ინფორმაცია, თუ ხელფასის გარდა სხვა შემოსავალი არის დაფიქსირებული. შესაძლოა, იყოს ეს ბიზნეს საქმიანობიდან მიღებული რაიმე შემოსავალი. 17 შემომწირველი, რომელიც ბოლო პერიოდში დავიბარეთ, გასული კვირის განმავლობაში, არიან 9 „ქართული ოცნების“ და 8 „ევროპული საქართველოს“ შემომწირველი,“ – განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა.