ონლაინ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანეს 1967 წლის Datsun Fairlady 2000 – იშვიათი მოდიფიკაცია, რომელიც მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში იწარმოებოდა. ავტომობილთან ერთად მფლობელი მის საკოლექციო, 1:64 მასშტაბის Hot Wheels-ის მინიატიურულ ასლსაც ყიდის.
ავტომობილის მფლობელი მეტ გეიბი Mattel-ში მუშაობს, რომლის შემადგენლობაშიც Hot Wheels-იც შედის. მისი თქმით, ბრენდის ერთ-ერთი ღონისძიების საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღო უფლება, ლიმიტირებული სათამაშო მოდელის დიზაინი თავად შეერჩია. შედეგად, მინიატიურულმა Fairlady-მ მიიღო იგივე ფერები, სარბოლო ნომრები და დისკები, რაც რეალურ ავტომობილს აქვს. სულ 4 000 ასეთი მოდელი დამზადდა.

მოგვიანებით გეიბმა საკუთარი ავტომობილიც გადააკეთა, რათა ის სათამაშო ვერსიას დამსგავსებოდა – დაამატა მოსახსნელი მყარი სახურავი და სარბოლო ნომრები.

გასაყიდი Datsun Fairlady 2000 ეკუთვნის ე.წ. 1967.5 სერიას, რომელიც 1967 წლის მარტიდან ნოემბრამდე იწარმოებოდა. ავტომობილი აღჭურვილია 2.0 ლიტრიანი ძრავით, რომლის სიმძლავრე ქარხნული კონფიგურაციით დაახლოებით 135 ცხენის ძალას შეადგენდა. მფლობელმა მას დამატებით დაუმონტაჟა ახალი კარბურატორები, მოდიფიცირებული ანთების სისტემა, ინდივიდუალური შემშვები კოლექტორი და განახლებული საკიდარი.

აუქციონის დასრულებამდე ერთი დღით ადრე ავტომობილისა და მისი უნიკალური ასლის ფასი 10 100 დოლარს შეადგენდა.