9 წლის ბიჭი, რომელსაც აუტიზმის სპექტრის სინდრომი აქვს, სასამართლომ დაზარალებულად არ ცნო, მხოლოდ იმის გამო, რომ მას საუბარი არ შეუძლია და ვერ საუბრობს ტკივილზე, რომელსაც მამა ქამრით ცემის დროს აყენებდა.
ინფორმაციას ბიჭის შესახებ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ავრცელებს, რომლის იურისტიც ამ საქმეში იყო ჩართული.
9 წლის ბავშვი პერიოდულად სახლიდან გარბოდა, მის მამას, ბავშვის დიაგნოზით გამოწვეყული ქცევები აღიზიანებდა და მას ქამრით სცემდა. ასევე უკრძალავდა დედას, რომ ბავშვი თერაპიულ კურსებში ჩაერთო. ამ ყველაფერს მოწმეები ადასტურებენ.
მამა ძალადობდა სხვა მეუღლეზე და ბიჭის დებზეც.
ოჯახში ძალადობის ფაქტზე გამოძიება 2018 წლის სექტემბერში დაიწყო. გამოვლინდა, რომ ფიზიკური და ემოციური ძალადობის მსხვერპლი იყო დედაც და პეტრეს დებიც, რომელთა თანდასწრებითაც მამა ცემით და საგნების სროლით უსწორდებოდა მეუღლეს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილს.
პროკურატურამ ძალადობის მსხვერპლად ცნო დედა და ორი შვილი, მაგრამ უარი თქვა პეტრესთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე,
პროკურორი დადგენილებაში აღნიშნავს:
„მართალია სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხული რიგი მოწმეები უთითებენ, რომ ბავშვის მიმართ მამის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობას, თუმცა სისხლის სამართლის მასალებში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი ინფორმაცია-მტკიცებულება, რომ აღნიშნულმა ქმედებამ ბავშვს ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია“.
საქმეში ჩართულმა PHR-ის ადვოკატმა ეს გადაწყვეტილება ზემოდგომ პროკურორთან გაასაჩივრა, რომელმაც არ გაიზიარა საჩივარი და უცვლელად დატოვა პროკურის დადგენილება 9 წლის აუტიზმის მქონე ბავშვისთვის დაზარალებულის სტატუსზე უარის თქმის ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოშიც, რომელმაც ასევე არ დააკმაყოფილა PHR-ის ადვოკატის საჩივარი.
„ამით პროკურატურამ განაცხადა, რომ 9 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, რომლის ქამრით და ხელით ცემას არაერთი მოწმე ადასტურებს, დანაშაულის მსხვერპლი არ არის, რადგან ის სიტყვიერად ვერ აღწერს განცდილ ტკივილს.
დისკრიმინაციული მოტივით მოხდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის უგულებელყოფა ჯერ საქართველოს პროკურატურის შემდეგ კი სასამართლო სისტემის მხრიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება არღვევს არა მხოლოდ ერთი ბავშვის კონსტიტუციურ უფლებას დაცული იყოს ძალადობისგან. არამედ, წაახალისებს დაუსჯელობას ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მიმართ ქვეყანაში. 9 წლის აუტიზმის მქონე ბავშვის მიმართ აშკარა მტკიცებულებებით დადასტურებული ფიზიკური ძალადობის დაუსჯელი დატოვება ეწინააღმდეგება ქვეყნის მიერ აღებულ ვალდებულებებს ადამიანის უფლებების კუთხით,“ – აცხადებენ ორგანიზაციაში.
ორგანიზაცია აგრძელებს 9 წლის აუტიზმის მქონე ბავშვის დაცვას საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით. რათა პირველ რიგში აღდგეს მისი დარღვეული უფლება და ამავდროულად ხელი შეეწყოს ქვეყანაში სამართლიანი და ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულების ჩამოყალიბებას.