საქართველო ფსკერზეა. ერთი კვირის წინ ვემზადებოდით, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდოდით და დიდ ფეხბურთს შევუერთდებოდით, მაგრამ ერთ კვირაში იმდენი ცივი შხაპი მივიღეთ, რომ ევროპაზე ოცნება უხერხულიც კი არის. ვის უნდა შეხვდეს საქართველოს ნაკრები, რომ წარმატება მიაღწიოს?

ერთა ლიგის C2 ჯგუფი დასრულებულია. ამ ჯგუფის მოგებას ვაპირებდით და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მესამე ადგილზე გავედით. გაგვასწრო ჩვენი ცოდვით სავსე ჩრდ მაკედონიამ და აგერ უკვე ჯგუფის მომგებმა სომხეთმა, რომელიც მესამე ადგილზე იყო რამდენიმე დღის წინ და იმდენი მოახერხა, რომ საერთოდ გამარჯვებული გამოვიდა.

სომხეთს მისალოცად აქვს საქმე, ჩვენ კი ჩვენ გაჭირვებას მივხედოთ. მაკედონიელებთან ისტორიაში მთავარი მატჩის წაგების შემდეგ, გუნდი დემორალიზებული კი იყო, მაგრამ პროფესიონალიზმი ნამდვილად მოეთხოვებათ ფეხბურთელებს, უნიათო და უღიმღამო თამაშს არანაირი გამართლება არ აქვს, ისევე როგორც წამყვანი ფეხბურთელების დანაკლისს. მატჩამდე ხომ ყველა გაიძაღის ოღონდ გამომიძახონ და თავს მოვიკლავ მოედანზეო… აბა სად არის ეროვნული მაისურის გამო თავის გადადება? სად არის ქართლი ფეხბურთის გენია, როდესაც მაკედონიას, სომხეთს, ზედიზედ 15 მატჩის ვერმომგებ ესტონეთს გოლს ვერ გაუტან? (სომხეთთან პენალტი რა მოსატანია).

არც ისაა თავის გასამართლებელი, რომ საქართველოს ნაკრებს ახალგაზრდა, დროებითი (ალბათ ერთმატჩიანი) მწვრთნელი ჰყავდა. მოედანზე მაინც ფეხბურთელი გადის და მას ნამდვილად შეუძლია გულიანად თამაში და ბრძოლა, ისევე როგორც ფინტი, პასი, დარტყმა…

ესტონეთთან პირველი ტაიმი იყო ის, რის გამოც ყველამ უბრალოდ ბოდიში უნდა მოუხადოს გულშემატკივარს. გაუთავებელი პასები უკან ან გვერდზე, არანაირი შეტევა, გამწვავება, მოძრაობა, გახსნა, კარში დარტყმასა და ხიფათზე რომ არაფერი ვთქვათ… ეზოშიც კი ბევრად უკეთ თამაშობენ ბავშვები.

მეორე ტაიმში უკეთესობა ის იყო, რომ კარისკენ მაინც დავარტყით, მაგრამ უშედეგოდ.

საქართველოს ნაკრებმა ერთხელაც დაწყვიტა გული ქომაგებს და ვინ უწყის უკვე მერამდენედ გვიწევს იმაზე საუბარი, რომ რაღაცეები შესაცვლელია და ახალი მომავლის შენება უნდა დავიწყოთ.

დავიწყოთ, თორემ ახლა ჩვენც მთები არ გადავდგათ…

საქართველო – ესტონეთი 0:0
18 ნოემბერი. დინამო არენა.

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია (გაფრთხილება), ხოჭოლავა (გრიგალავა, 46), ტაბიძე, კვეკვესკირი, კანკავა, დავითაშვილი (პაპუნაშვილი, 66), ლობჟანიძე (მიქელთაძე, 86), ყაზაიშვილი, კაჭარავა (ლობჯანიძე, 78).

კატეგორიები: გოლი სპორტი

მსგავსი თემები