LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10:44 – საქართველოს შოტლანდიის გამოცდაზე გაუჭირდა, ექვსი ერი სხვა დონეა

270
69394823-2402229689874116-8533076247272488960-n

საქართველომ შოტლანდიასთან 10:44 წააგო. ამ მარცხში არც გასაკვირია არაფერი და არც დასაძრახი, მაგრამ მადაზე მოსული ქართველი ქომაგი და ალბათ თავად რაგბისტები უფრო მეტს ელიან, რადგან ექვსი ერის კარზე დაკაკუნების არ მოგვერიდოს. თუმცა ახლა მაინც სხვა ამოცანებია: მთავარია სათანადოდ მოვემზადოთ მსოფლიო თასისთვის, სადაც ურთულესი მეტოქეები გველოდებიან, ჩვენი მიზანი კი იმაზე უკეთ გამოსვლაა, ვიდრე წინა ჩემპიონატებზე.

„დინამო არენაზე“ კი მართლაც ისტორიული მატჩი გაიმართა. არ ვართ განებივრებულები ასეთი დონის მეტოქეების არათუ ხილვით, სპარინგითაც კი და ინტერესიც დიდი იყო. მოლოდინიც არ ყოფილა ნაკლები, თუმცა ალბათ ცოტა იმედგაცრუებულები დავრჩით. არ გვინდოდა ასეთი სხვაობით წაგება.
შოტლანდიამ კლასი თავიდანვე გვაჩვენა. 20 წუთში უკვე 0:20 იყო. ჯერ ორი ჯარიმა გაგვიტანეს, მერე ორი მარტივი და ლამაზად გათამაშებული ლელო მოაყოლეს (პლუს ძალიან იოლი გარდასახვა) და მივხვდით, რომ ისინი მართლა სხვაგან არიან. თუმცა ისიც ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენების გატეხვა არ არის მარტივი საქმე და საქართველომაც შეძლებისდაგვარად გამოასწორა თამაში. ამას პირველი ქულებიც მოყვა. სოსო მათიაშვილმა მართალია ცენტრიდან, მაგრამ შორიდან ჯარიმა გაიტანა და ანგარიში შეამცირა. ტაიმი სტუმრების ჯარიმით და 3:23 დამთავრდა.

მეორე ტაიმში ჩვენებმა უკეთ ითამაშეს და ლელოც კი დადეს (ლელო – ასიეშვილი, გარდასახვა – აბჟანდაძე), მაგრამ საერთო ჯამში ძლიერ მეტოქესთან მაინც ვერაფერი გააწყვეს. ემოციები მეტოქემ მალევე ჩაგვიცხრო. თავადაც დადო ლელო და კიდევ უფრო აშკარა გახდა ის, რაც ისედაც აშკარა იყო – შოტლანდია იგებდა და საამისოდ თავის მოკვლა არ დასჭირვებია. მერე კიდევ ერთი და საბოლოოდ 10:44.

როცა მეტოქე ერთი თავით მაღლაა…

 

შოტლანდიასთან აქამდე ორჯერ გვითამაშია და ორივე წავაგეთ, თუმცა ეს ყველაზე დიდი ანგარიშით.

ანალიზი, დასკვნები, მომზადების გეგმა – ეს ყველაფერი კარგად არის ასაწონ-დასაწონი და ამას ალბათ ჩვენი სამწვრთნელო შტაბი მიხედავს, რათა იაპონიაში ჯიგრულად გამოვიდეთ.

ზუსტად ერთ კვირაში (6 სექტემბერს, ედინბურგში) ეს გუნდები ერთმანეთს უკვე შოტლანდიაში შეხვდებიან და ეს იქნება ბოლო ტესტ მატჩი მსოფლიოს თასის წინ. შეგახსენებთ, მსოფლიო თასი იაპონიაში სტარტს 20 სექტემბერს აიღებს. საქართველოს მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე არიან ავსტრალია, უელსი, ფიჯი და ურუგვაი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები