“თბილისის “დინამოსა” და “ციურიხს” შორის შედგა შეთანხმება. ამიერიდან, მარცხენა მცველი ლევან ხარაბაძე განათხოვრების წესით ამ შვეიცარიულ კლუბში იასპარეზებს. შეთანხმება წელიწადნახევრით გაფორმდა”, – ასეთი განცხადება გაავრცელა თბილისის “დინამოს” ოფიციალურმა საიტმა.

მაშ ასე, გადაწყვეტილი ამბავია: ლევან ხარაბაძე – თავისი თაობის ერთ-ერთი ნიჭიერი ფეხბურთელი შვეიცარიის ერთ-ერთ პოპულარულ კლუბში ითამაშებს. შვეიცარიის სუპერლიგა ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი, 19 წლის ყმაწვილისთვის კი ეგებ სულაც იდეალური ადგილი იყოს კარიერული პროგრესისთვის.

 

“ლელოს” ექსკლუზიური ინფორმაციით, გადაწყვეტილი ამბავია, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვახტანგ ჭანტურიშვილი კარიერას ჩეხეთის უმაღლეს ლიგაში გააგრძელებს. ამ ეტაპზე მისით ორი იქაური კლუბია დაინტერესებული და 25 წლის ფეხბურთელიც ერთ-ერთ მათგანში გააგრძელებს კარიერას.

ამ მომენტისთვის, წყარო ვერ აკონკრეტებს გუნდებს, თუმცა ორივე მათგანი ჩემპიონატში მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. უახლოეს მომავალში არჩევანი ერთ-ერთის სასარგებლოდ გაკეთდება და ტრანსფერიც ოფიციალურად გამოცხადდება.

ბოლოს ჭანტურიშვილი სლოვაკური “ტრნავას” ღირსებას იცავდა. ამ კლუბთან ერთად ის ქვეყნის ჩემპიონი გახდა და ევროპალიგის ჯგუფშიც ითამაშა. სხვადასხვა დროს ვახტანგს “ზესტაფონის”, თბილისის “დინამოსა” და მაკედონიური “ვარდარის” ღირსებაც დაუცავს.

ზურაბ დავითაშვილმა თბილისის „ლოკომოტივი“ დატოვა და, დიდი ალბათობით, ყაზანის „რუბინში“ ჩაირიცხება. ფეხბურთელის წასვლა თბილისურმა კლუბმა დაადასტურა.

17 წლის შემტევი ნახევარმცველი თბილისის „დინამოს“ აღზრდილია, მაგრამ 2018 წელს „ლოკომოტივში“ გადავიდა. ორი წლით ადრე კი ყაზანის „რუბინში“ ამ გუნდის მწვრთნელის, ყურბან ბერდიევის მიწვევით ვარჯიშობდა და კონტრაქტის გაფორმებასაც სთავაზობდნენ, მაგრამ მაშინ ეს ტრანსფერი ჩაიშალა.

დავითაშვილს უთამაშია 17 და 19-წლამდელთა ნაკრებში. 2018 წელს 19-წლამდელთა ელიტრაუნდში 6 გოლით ამ ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ქართველი ახალგაზრდა ახლა თურქეთშია და სეზონისთვის „რუბინთან“ ერთად ემზადება. მაგრამ ჯერ კონტრაქტი არ გაუფორმებია.

ფეხბურთელთან დაახლოებული პირის თქმით, დავითაშვილს ყაზანურ კლუბთან ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმება არ სურს და, მაქსიმუმ, ორ ან წლინახევრიან ხელშეკრულებაზე დათანხმდება.

 

lelo.ge-ის მიხედვით

 

კატეგორიები: გოლი სპორტი

მსგავსი თემები