საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტის შესარჩევის პირველი თამაში შვეიცარიასთან 96:88 დამატებით დროში მოიგო.
2021 წლის ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ტურნირი დაიწყო. გულშემატკივარს მშვენივრად მოეხსენება, რომ ევროპის პირველობის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა საქართველოა, რის გამოც ჩვენს ნაკრებს ავტომატურად განაღდებული აქვს დასკვნით ეტაპზე მონაწილეობა. შესაბამისად, შესარჩევი ტურნირი შეგვიძლია ზედმეტი ზეწოლის გარეშე ჩავატაროთ. პრინციპში ამასვე ამბობს ნაკრების მწვრთნელი ილიას ზუროსი, რომელიც არ მალავს, რომ საკვალიფიკაციოს მოსამზადებლად გამოიყენებს.
“ჩვენთვის შესარჩევ მატჩებს დიდი მნიშვნელობა აქვს – მომავალი თაობა უნდა მოვამზადოთ ევრობასკეტისთვის. გვჭირდება მათი დახმარება, ნაკრებისთვის აუცილებელია ახალი სისხლი და სწორედ ახლა უნდა ვნახოთ სად ვართ და ვისი იმედი უნდა გვქონდეს 2021 წელს”, – განაცხადა ზუროსმა მატჩამდე.
იმ მატჩამდე, რომელშიც საქართველო ჯგუფის აშკარა აუტსაიდერ შვეიცარიას შეხვდა და ყველანი იოლი გამარჯვების მოლოდინში ვიყავით. და ეს მიუხედავად მრავალი ფაქტორისა. არ გვყავდნენ თოკო შენგელია და გოგა ბითაძე, ამას დაუმატეთ ზუროსისვე ნათქვამი: “შვეიცარიასთან იოლი თამაში არ იქნება. თუნდაც იმიტომ, რომ კალათბურთში იოლი შეხვედრები არ არსებობს. მოსამზადებლად სულ სამი დღე გვაქვს, რაც ძალიან ცოტა დროა, განსაკუთრებით ჩვენს სიტუაციაში, როცა ახალი გუნდი გვაქვს ჩამოსაყალიბებელი. კალათბურთი ხომ გუნდური თამაშია და შედეგის მისაღწევად საჭიროა თითოეული კალათბურთელი კარგად იცნობდეს და კარგად უგებდეს პარტნიორს”. სამწუხაროდ, ზუროსის ეს ნათქვამია გამართლდა, არადა თავიდან ამას არაფერი მოასწავებდა.
საწყის წუთებს თუ არ ჩავთვლით, მერე და მერე ჩვენებმა თამაში აკრიფეს, 21-ქულიან უპირატესობასაც მიაღწიეს და ყველაფერი მარტივი გამარჯვებისკენ მიდიოდა. დაიწყო მეორე ტაიმი და შვეიცარია სულ სხვა გუნდად წარმოჩნდა. სტუმრებმა სხვაობა თანდათან შეამცირეს და მეოთხე პერიოდს დაიმედებულები შეხვდნენ. ფარი აშკარად მათი იყო და ყველაფერს ხსნიდნენ ჩვენთანაც და თავისთანაც. ასე კი შედეგის მიღწევა შეუძლებელი იყო. შვეიცარიამ ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხა, მაგრამ ბოლოს ჩვენები ორი ქულით დაწინაურდნენ, როდესაც სტუმრებს ერთი შეტევის დროღა ქონდათ. 0.1 წამით ადრე, როდესაც სამჯერ მოხსენს ბურთი ჩვენს კალათზე, ანგარიში ისევ გათანაბრდა – 79:79. ეს ოვერტაიმს ნიშნავდა.
დამატებით 5-წუთეულში შვეიცარიამ წინ გასვლაც მოახერხა და დიდი სენსაციის რეალობაც გაჩნდა, მაგრამ ბურჯანაძემ და ბერიშვილმა სამიანები ჩაყარეს და საბოლოოდ დრამატულად, მაგრამ მაინც მოვიგეთ.
საქართველო – შვეიცარია 96:88
(17:8, 25:21, 16:24, 21:26, 17:9)
საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი ქულა ბექა ბურჯანაძემ ჩააგდო – 21 ქულა, მაკფადენს კი 18 ქულა ჰქონდა. გიორგი შერმადინმა მატჩი ორმაგი დუბლით დაასრულა – 16 ქულა და 13 მოხსნა. დუდა სანაძემ კი 12 ქულა მიითვალა, მიხეილ ბერიშვილმა – 13. მატჩის ბომბარდირი კი, შვეიცარიელთა 6 ნომერი ჯონათან კაზადი გახდა 22 ქულით.
მომდევნო შეხვედრას საქართველო უკვე 23 თებერვალს ჯგუფის ლიდერ სერბეთთან სტუმრად გამართავს.