5 აუცილებელი რჩევა, რომელიც რუჯის მიღებისას უნდა გავითვალისწინოთ - ნინო ოთარაშვილის საზაფხულო რეკომენდაციები

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ მოვერიოთ აკნეს ზაფხულში და რა ხდება მისი გამომწვევი მიზეზი, შეიძლება თუ არა გამოვყოთ ზაფხულში ყველაზე სასარგებლო პროდუქტები, რომლებიც კანს გაჯანსაღებაში ეხმარება. როგორ მოქმედებს კანის დეფექტებზე რუჯი, როგორ ავირიდოთ თავიდან კანის დამწვრობა და სადამდე შეიძელება მიგვიყვანოს ამან . ზოგადად კანის რა ტიპის პრობლემები იჩენს თავს ზაფხულში, ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემში „სტუმრად ექიმთან“ დერმატო-ვენეროლოგმა ნინო ოთარაშვილმა იუსაბრა.

ნინო, ძირითადად კანის რა ტიპის პრობლემები იჩენს თავს ზაფხულში, როგორ მოვერიოთ აკნეს და რა ხდება მისი გამომწვევი მიზეზი?

აკნე ყველაზე აქტუალური პრობლემაა, ლამაზი კანი გვიქმნის სასიამოვნო განწყობას, გვაყენებს კარგ ხასიათზე. აქედან გამომდინარე კი, მას ჩვენგანაც სჭირდება გარკვეული მზრუნველობა. აკნე მიეკუთვნება მორეციდივე დაავადებათა რიცხვს, თანაც ასაკი ფაქტობრივად წაიშალა, თუ ადრე აკნე თინეიჯერების დაავადებად ითვლებოდა, ახლა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფშიც გვხვდება, როგორც ქალბატონებში, ასევე მამაკაცებში.

აკნეს გამომწვევი ბევრი მიზეზი ჩვენთვის ცნობილია, ეტიოლოგია კი ცალსახად არის პროპიუმ-ბაქტერია. ზაფხულში, როდესაც ოფლიანობა იმატებს, კანს როგორც ბარიერული ფუნქციის შემსრულებელ ორგანოს, ეს ფუნქცია  უქვეითდება, რადგან ის განიცდის სტრესს, ისე ვეღარ გვიცავს როგორც საჭიროა და ქრონიკული პრობლემები აქტიურდება. აკნე ცხიმოვანი ჯირკვლების ანთებაა და მიუხედად იმისა, რომ არსებობს სხვადასხვა ჯგუფის ადგილობრივი პრეპარატები, რომლებიც მეტნაკლებად სტაბილურ გაუმჯობესებას და გამონაყარის უკუგანვითარებას იწვევს, ზაფხულის პერიოდში შესაძლოა გამწვავდეს. განსაკუთრებით ცხიმიანი კანის შემთხვევაში, მიზეზი შეიძლება გახდეს მტვრიანი გარემო, რადგან ცხიმოვანი ჯირკვლის სადინრის დახშობის შედეგად, ჩნდება ახალი ელემენტები და ასევე, სტაფილოკოკურმა ინფექციამ პროპიუმ-ბაქტერიასთან ერთად, შესაძლოა ახალი გამონაყარი გამოიწვიოს.

აუცილებელია კანის სწორი ჰიგიენის დაცვა. მითუმეტეს, თუ საქმე გვაქვს პრეტენზიულ, ცხიმიან ან კომბინირებულ კანთან. როდესაც ქალბატონებს ჭარბი სიწითლე აწუხებთ ლოყების არეში, კაპილარული ქსელი ზედაპირულად არის წარმოჩენილი. მზის ზემოქმედებამ შესაძლოა, პროვოცირება გაუწიოს ამ გამონაყარს და ის უფრო მეტად შემაწუხებელი გახდეს ვიზუალურად. აუცილებლად სპეციალისტთან შეთანხმებით, სწორად უნდა შევარჩიოთ მოვლის საშუალებები, დასაბანი თუ მინერალური ხსნარები, დამატენიანებელი საშუალებები, შეიძლება ჩვენი მეგობრის კანს რაღაც კონკრეტული საშუალება მოუხდეს, მაგრამ არ იყოს მისაღები ჩვენთვის. მინდა ავღნიშნო ისიც, რომ ჩემი პაციენტების დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ მათ აკნეს პროვოცირებას უკეთებს ის საკვები, რომელსაც იღებენ.

გვახსოვდეს, რომ არ შეიძება არსებული გამონაყარის მექანიკური დაზიანება. მესმის, რომ ძალიან რთულია თავი შევიკავოთ, მაგრამ ეს აუცილებელია.

აკნეს გარდა ზაფხულის პერიოდში აქტუალურია ზედაპირული სოკოვანი ინფექცია, ნაირფერი პიტირიაზი, მას მზის ლაქებსაც უწოდებენ. განსაკუთრებით გულ-მკერდის და ზურგის არეში იჩენს ხოლმე თავს, ღია ვარდისფერი, მოთეთრო შეფერილობისაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს გამონაყარი ზოგად ჯანმრთელობის პრობლემას არ ქმნის, მივდივართ ვიზუალურ პრობლემასთან, რადგან სხეულზე ამ ლაქების არსებობა ძალიან არასასიამოვნოა. კლასიკურ მკურნალობასთან ერთად, სასურველია დასაბანი გელების და საპნების სწორად შერჩევა. ამ შემთხვევაშიც გარუჯვა არ შეიძლება, რადგან ოფლიანობა მაპროვოცირებელი ხდება.

შეიძლება თუ არა გამოვყოთ ზაფხულში ყველაზე სასარგებლო პროდუქტები, რომლებიც კანს გაჯანსაღებაში ეხმარება?

პირველ რიგში შევეხოთ იმ პროდუქტებს, რომელიც ძალიან არ უყვარს კანს. ესენია შებოლილი, დაშაშხული პროდუქტი, ტკბილი გაზიანი სასმელები, დიდი რაოდენობით ტკბილი, წითელი ღვინო, სწრაფი კვების ობიექტების საკვები, ზოგადად არაჯანსაღი კვება.

არიან პაციენტები, რომლებიც პირდაპირ აღნიშნავენ, რომ მზესუმზირის ან მიწისთხილის მიღების შემთხვევაში, უმწვავდებათ აკნე. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რჩევის სახით რეკომენდაცია მივცეთ ჯანსაღ კვებას. ზაფხულის პერიოდში საჭიროა დიდი რაოდენობით სითხის მიღება, როგორც გარუჯვის პერიოდში, ასევე  ზოგადად, წყალი რაციონის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი უნდა იყოს.  წყალს წამლის ეფექტს ვერ მივაწერთ, მაგრამ ფაქტია, რომ წყლის გარეშე ხდება კანის ნაადრევი დაბერება. ზაფხულის პერიოდში ინტენსიური დატენიანება უნდა მოხდეს როგორც გარეგანად, საცხების საშუალებით, ასევე შიგნიდან ორგანიზმში წყლის მიღებით.

რა რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევთ რუჯის მოყვარულებს, მართალია თუ არა რომ კანის დეფექტებზე კარგად მოქმედებს რუჯი?

რუჯი ს მიღების დროს ყველაზე მნიშვნელოვანია დროის სწორად შერჩევა, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად მოვემზადოთ გარუჯვისთვის,  სასურველია გავიკეთოთ პილინგი, მაგრამ არა ქიმიური. ის კატეგორიულად აკრძალულია  ზაფხულის პერიოდში, რადგან მეტი უკუჩვენება აქვს ვიდრე სარგებელი. საუბარია მექანიკურ პილინგზე, რათა ზედაპირული შრის აშრევება მოხდეს, რათა რუჯი სასიამოვნო ფერის იყოს და ესთეტიკური შესახედაობა ჰქონდეს.

მესამე მნიშვნელოვანი პირობაა რუჯის მიღების დროს მზისგან დამცავის სწორად გამოყენება, სწორი ფორმის და ნომრის შერჩევა აუცილებელია. ბავშვების კანი ძალიან სენსიტიურია და მათი კანის დაცვა უმნიშვნელოვანესია.

ასევე მნიშვნელოვანია, ძველი თუ ახალი საეჭვო წარმონაქმნების შემთხვევაში, ადამიანმა აუცილებლად  გაიაროს კონსულტაცია დერმატოლოგთან. თუ ამ წარმონაქმებმა შეიცვალა ფერი, ფორმა, დაიწყო ზრდა ან არის სისხლმდენი, დიაგნოსტირება აუცილებელია, ზოგადად კი წარმონაქმნების სტიკერით დაფარვა რუჯის მიღების პროცესში სასურველია.

კანის მწვავე დაავადებების შემთხვევაში,  არ ვაძლევთ რეკომენდაციას რუჯის მიღებას, ეს შეიძლება სერიოზული გართულების მიზეზი გახდეს.

რაც შეეხება ნამზეურის დადებით თვისებებს, კანის თვალსაზრისით, არ არის რეალობას მოკლებული ის აზრი, რომ ანთების შემდგომი ჰიპერპიგმენტაციების არსებობის შემთხვევაში,  მას დადებითი ეფექტი აქვს იმ თვალსაზრისით, რომ კანის შეფერილობა თანაბრდება და რუჯის გადასვლის, ანუ კანის აქერცვლის შემდეგ კანის შეფერილობა თანაბარი რჩება.  არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც აკნეს გამწვავებას იწვევს, მაგრამ ზოგჯერ, აკნე როდესაც უკუგანვითარების ეტაპზეა, რუჯი გვეხმარება მასთან ბრძოლაში. არსებობს მთელი რიგი დერმატოზები, როდესაც ზღვის წყალი და გარუჯვა რეკომენდებულია.

გასათვალისწინებელია, რა ეტაპზეა გამონაყარი და ყველაფერი უნდა მოხდეს ექიმთან შეთანხმებით. თვითნებურად მზის სხივების თერაპიული გამოყენება არ უნდა მოხდეს.

როგორ მოქმედებს კანზე ზღვისა და მთის ჰაერი და სად სჯობს ამ კუთხით დასვენება?

ზღვის ჰავა უმჯობესია თუ მთის, ასე ცალსახად ვერ დავაკონკრეტებ. ჩვენს სურვილზე და გემოვნებაზეა დამოკიდებული, თუ ჯასაღად და სწორად დავისვენებთ ორივე შემთხვევა გამართლებულია. რუჯის თვალსაზრისით, როდესაც ამას გარკვეული თერაპიული მნიშვნელობა აქვს პაციენტისთვის, შეგვიძლია რეკომენდაცია გავუწიოთ ზღვაზე დასვენებას.  აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მთაში დასვენების შემთხვევაშიც, ყველა ის რეკომენდაცია ისევე გასათვალისწინებელია, როგორც ზღვაზე დასვენების შემთხვევაში.

როგორო ავირიდოთ თავიდან კანის დამწვრობა და სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს დამწვრობამ ?

ის დროის მონაკვეთი, რა დროსაც ჩვენ მზეზე ვატარებთ, უნდა იყოს გონივრული და არ შეიძლება საათობით, არასასურველ დროს რუჯის მიღება. ასევე აუცილებელია დამცავი კრემების გამოყენება. უკვე მიღებული დამწვრობის შემთხვევაში, მკურნალობის შემდგომ დიდი შანსია, რომ დარჩეს ნაწიბური. ასევე შანსია იმისა, რომ  დამწვრობის კერა გართულდეს სხვადასხვა ინფექციით. იგივე ეს შეიძლება იყოს ბაქტერიული ამ ვირუსული ინფექცია. ძალიან ხშირია ჰერპესული ინფექციები, სოკოვანი დაავადებები, ასევე რიგი ქრონიკული დაავადებების გააქტიურება. შესაბამისად, მაქსიმაურად უნდა ვეცადოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ძლიერი დამწვრობა, რათა თანმდევი პრობლემები ავიცილოთ თავიდან.

რა აზრის ხართ სახის კანის მოვლის ხალხურ მეთოდებზე, იგივე ნიღბებზე, სხვადასხვა ხსნარებზე და სხვა ?

ვერ ვიტყვი, რომ სახლის პირობებში შეუძლებელია კანის გარკვეული ხარისხით მოვლა.  თუმცა, დღეისათვის ბაზარი გაჯერებულია სხვადასხვა სპეციფიკური პროდუქციით, იგივე მზის დამცავი საშუალებებით, რომელიც უკვე შექმნილია კონკრეტული ტიპის კანისთვის, იქნება კომბინირებული, მშრალი,  ცხიმიანი, მგრძნობიარე თუ ბავშვის, ამიტომ თვითნებურად კანის მოვლის აუცილებლობა არ დგას. უმჯობესია გამოვიყენოთ პროფესიონალური მოვლის საშუალებები. სახლის პირობებში შეიძლება ალერგიული რეაქცია, ან რაიმე სახის არასასიამოვნო გართულება  გამოვიწვიოთ, თუმცა თუ საცხი უკვე აპრობირებულია და წლების განმავლობაში მას ჩვენი ბებიები, დედები იყენებდნენ, რატომაც არა…

რა სახის წარმონაქმნებია კანზე საყურადღებო და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

პირველ რიგში ხაზი უნდა გავუსვა ახლადგაჩენილ ნებისმიერ ელემენტს. თუ არ მოგვწონს, გვაწუხებს, არის დამატებითი ჩივილები და სახლის პირობებში ბუნებრივია მის დიაგნოსტირებას ვერ შევძლებთ, აუცილებელია მივმართოთ დერმატოლოგს. შესაძლებელია დერმატოლოგმა კვლევის პროცესში ჩართოს ონკო-დერმატოლოგი, ან დაუნიშნოს პაციენტს მონიტორინგი. დაკვირვების პროცესში შესაძლებელია თავისით, მკურნალობის გარეშე ეს ელემენტი სტაბილურად დარჩეს იგივე მდგომარეობაში. ცხოვრების განმავლობაში ჩვენ ხალები გვიჩნდება სხეულზე, ეს ნორმალური პროცესია და ყველაფერზე განგაშის ზარის შემოკვრა არ ღირს, მაგრამ უგულვებელყოფა ყოვლად დაუშვებელია.

რაც შეეხება ძველ წარმონაქმნს, თუ კი ის იზრდება ზომაში, არის არათანაბარი შეფერილობის, არის ასიმეტრიული, აქვს არასწორი კონტურები, თუ გვაწუხებს, გვტკივა ან არის სისხლმდენი,  სპეციალისტთან ვიზიტი აუცილებელია. გაცილებით მარტივია დასაწყის ეტაპზე პრობლემის მოგვარება, ვიდრე შორს წასულ შემთხვევაში.

კეთილთვისებიანი წარმონაქმნები შესაძლოა იყოს სრულიად უსაფრთხო, სულაც არ იყოს მისი მოცილების აუცილებლობა. მაგრამ როდესაც დადასტურებულად გვეცოდინება რასთან გვაქვს საქმე, ვიქნებით მშვიდად და ავირიდებთ ფსიქოლოგურ სტრესს.

რა სახის საცხებს, გამაჯანსაღებელ პროცედურებსა და მოვლას ურჩევდით ქალბატონებს კანის სილამაზისთვის და რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ კანის მოვლა?

თუ კანი პრობლემურია, იგულისხმება მგრძნობიარე კანი, რომელიც ტემპერატურულ ცვლილებაზე რეაგირებს, მშრალი კანი, ცხიმიანი ან კომბინირებული, 20-25 წლის ასაკიდან ასაკის შესაბამისი, დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება აუცილებელია. ჰიგიენას და იმას, რომ მაკიაჟი ყოველდღიურად სრულფასოვნად უნდა მოვიხსნათ, თავისთავად ვგულისხმობ. ზაფხულში საჭიროა კანის ინტენსიური დატენიანება, ზამთარში კი ინტენსიური კვება. არსებობს ძალიან ბევრი ხელმისაწვდომი პროცედურა, რომელიც გვეხმარება კანის სილამაზის შენარჩუნებაში. პირველი კლასიკური მეთოდი ეს არის კანის წმენდა, როგორც ქალბატონებში, ასევე მამაკაცებში. მეორეა პილინგის პროცედურები, როგორიცაა ქიმიური პილინგი და ლაზერული ავლაცია. ზოგადად, პილინგების სეზონი შემოდგომის ბოლოდან იწყება, ზაფხულში არ არის რეკომენდებული.

ბოლო და უახლესი ტექნოლოგიებიდან გამომდინარე უკვე საკმაოდ კომფორტულია ლაზერით მანიპულირება. გვერდითი ეფექტები, რაც გარკვეული პერიოდის წინ ახასიათებდა ამ პროცედურებს, მინიმუმამდეა დაყვანილი და რეაბილიტაციის პერიოდიც ძალიან მოკლეა. გარდა იმისა, რომ კოსმეტოლოგიური თვალსაზრისით ძალიან კარგი შედეგები აქვს, ასევე ხდება არასასიამოვნო წარმონაქმნების მოშორება. ეს იქნება პაპილომა, სებორეული კერატომა, კანის ფიბრომა. აქვე აღვნიშნავ, რომ აღნიშნული პროცედურებისა და მანიპულაციების გაკეთება უნდა მოხდეს კვალიფიციურ სპეციალისტთან დიაგნოსტირების შემდეგ.

კანის მოვლის საშუალებებზე საუბრისას, უნდა აღვნიშნო მეზოთერაპია, როდესაც მიკრო ინექციების საშუალებით ხდება გარკვეული კოქტეილების შეყვანა კანში, ეს ნაკლებად ტრამვულია, მცირე რეაბილიტაციის პერიოდი ახასიათებს. მეზოთერაპიას ასევე ძალიან კარგი შედეგები აქვს თმის ცვენის მკურნალობის მხრივ. ასევე ძალიან ეფექტურია პლაზმოლიფტინგი, კანის სილამაზის შენარჩუნებასა თუ აღდგენის საქმეში.

შესაძლოა, ჩვენ გვსმენია და გვინდა ესა თუ ის პროცედურა, მაგრამ ჩვენს კანს სჭირდება აბსოლიტურად სხვა ტიპის ჩარევა. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რას გვირჩევს სპეციალისტი, რომ არ მივიღოთ უკუეფექტი.

გადაცემის აუდიოჩანაწერი