LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მწვანილი – თქვენი ჯანსაღი ცხოვრებისთვის

29
mwvanili

გაზაფხულზე, ორგანიზმს ვიტამინები და მინერალები რომ არ მოაკლდეს, რაციონი მწვანილით უნდა გავამდიდროთ. ის, გარდა იმისა, რომ სასარგებლოა, განსაკუთრებულ გემოსაც აძლევს კერძს. როგორია მწვანილის სასარგებლო თვისებები და რა რაოდენობით უნდა გამოვიყენოთ?

მწვანილს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენს რაციონში.

ოხრახუში შეიცავს ბევრ კალიუმს, კალციუმს, რკინას, მაგნიუმსა და ფოსფორს. კალიუმი განსაკუთრებით ბევრია ოხრახუშის ფესვებში, ფოთლები კი უფრო ვიტამინებითაა მდიდარი. 100 გ. ოხრახუში ორგანიზმს 15 მგ ასკორბინის მჟავათი – C ვიტამინით ამარაგებს. ოხრახუში მდიდარია აგრეთვე B1. B2, PP ვიტამინებით და კაროტინით, რის წყალობითაც ის არაჩვეულებრივი საშუალებაა სასუნთქი სისტემის სეზონური ვირუსული დაავადებების საპროფილაქტიკოდ. ყოველივე ამასთან ერთად, ოხრახუში აღძრავს მადას ააქტიურებს და ხელს უწყობს საკვების მონელებას. ოხრახუშის ფესვები შესანიშნავი შარდმდენი საშუალებაა და ორგანიზმიდან ჭარბი მარილები გამოაქვს.

მადის აღმძვრელი თვისება აქვს ქინძსაც. ის ამდიდრებს კერძს C ვიტამინითა და კაროტინით. მის შემადგენლობაში შემავალი ეთერზეთები ამცირებს ნაწლავთა შებერილობას (მეტეორიზმს), რომელიც ჩვილი ბავშვების ერთერთი გავრცელებული პრობლემაა.

კამა განთქმულია არა მხოლოდ განუმეორებელი არომატით, არამედ C ვიტამინის შემცველობითაც. 100 გ კამა 100 მგ C ვიტამინს შეიცავს. ზოგადად, ეს მცენარე, მინერალებისა და ვიტამინების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. კამა ააქტიურებს ნაწლავების მოტორულ ფუნქციას და ბავშვებს დაგროვებული აირებისგან ათავისუფლებს.



ნიახური მდიდარია PP, K, C, E და B ჯგუფის ვიტამინებით. ასევე კალიუმის, ნატრიუმის, რკინის, თუთიის, მანგანუმის მარილებით. გარდა ამისა, შეიცავს სელენს, რომელიც აუცილებელია

ფარისებრი ჯირკვლის მიერ იოდშემცველი ჰორმონების წარმოქმნისთვის. მასში უხვად არის ეთერზეთები. მის მკვეთრ გემოსა და სუნს განაპირობებს სეანის მჟავას ნაერთები, რომლებიც არც ერთ სხვა ბოსტნეულსა თუ მწვანილში არ მოიპოვება. ნიახური დაბალკალორიულია და ამიტომ არაჩვეულებრივი დიეტური პროდუქტია მათთვის, ვისაც წონის დაკლება სურს. კვებისას მისი შეზღუდვა საჭირო არ არის – ის ჰგვრის დანაყრების შეგრძნებას, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას. ხორციანი კერძებისთვის ნიახური აუცილებელია. იგი შეიცავს სასარგებლო საკვებ ბოჭკოს, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები