LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების გამოსაყვანად მთავრობა თვითმფრინავს გააგზავნის: ხვთისიაშვილი

84
1

“ახლა მიმდინარეობს ნებართვებთან დაკავშირებული სამუშაოები, ჩვენი თვითმფრინავი ჩაფრინდება ქაბულში და უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების წამოყვანას”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

როგორც ალექსანდრე ხვთისიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად, პრემიერის დავალებით, აქტიურად მუშაობს საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებისთვის.

ხვთისიაშვილის განცხადებით, სამინისტროს უზრუნველყოფილი ჰქონდა შესაბამისი რეისი, შეთანხმებული ჰქონდა პარტნიორ ქვეყნებთან და სთხოვეს მოქალაქეებს, მისულიყვნენ აეროპორტში, თუმცა ვერ მოხერხდა მათი დროული მისვლა და უკრაინული ბორტი მათ გარეშე გამოფრინდა.

მისივე თქმით, ახლა მუშაობენ, რათა მოქალაქეები ბაზიდან ქაბულის აეროპორტში გადაიყვანონ:

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად, პრემიერის დავალებით, აქტიურად მუშაობს საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებისთვის. გუშინ დილით დაგვირეკეს და გვთხოვეს, დავხმარებოდით საქართველოში ჩამოყვანაში. 14.00 საათისთვის უკვე გვქონდა უზრუნველყოფილი შესაბამისი რეისი ქაბულის აეროპორტიდან, შეთანხმებული გვქონდა პარტნიორ ქვეყნებთან და ვთხოვეთ ჩვენს მოქალაქეებს, მისულიყვნენ აეროპორტში. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა მათი აეროპორტში მისვლა იმ მომენტისთვის, როდესაც რეისი იყო დაგეგმილი და უკრაინული ბორტი მათ გარეშე გამოფრინდა. სხვა პარტნიორ ქვეყნებთან გვქონდა საუბარი. მათი მხრიდან არის დასტური, რომ გამოყვანა მოხერხდება, თუ ისინი აეროპორტში მოხვდებიან. რამდენიმე რეისი კიდევ არის დაგეგმილი. მათ, საწუხაროდ, ვერ მოახერხეს ღამის განმავლობაში აეროპორტში მისვლა, რადგან ქაბულში მდგომარეობა იყო დაძაბული და არჩიეს, დარჩენილიყვნენ ბაზაზე.

ახლა ვმუშაობთ უკვე მათი ბაზიდან ქაბულის აეროპორტში გადასაყვანად. თურქულმა მხარემ დაგვიდასტურა მზაობა, რომ დაგვეხმარებიან, მიიყვანენ ჯავშნიანი მანქანებით ქაბულის აეროპორტში. ახლა მიმდინარეობს ეს ოპერაცია და იმედია, უახლოეს მომავალში მათ გადაიყვანენ ქაბულის აეროპორტში, საიდანაც ასევე ჩვენი პარტნიორები უზრუნველყოფენ მათ გადმოყვანას საქართველოში. ამასთან ერთდ, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მთავრობა გააგზავნის ცალკე ბორტს მათ წამოსაყვანად. შესაბამისად, ახლა მიმდინარეობს ნებართვებთან დაკავშირებული სამუშაოები, ჩვენი თვითმფრინავი ჩაფრინდება ქაბულში და უზრუნველყოფს მათ წამოყვანას.” – თქვა ხვთისიაშვილმა.

შეგახსენებთ, ქაბულში “თალიბანის” შესვლის შემდეგ, ავღანეთში კერძო კონტრაქტორად მყოფი საქართველოს მოქალაქეები საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარების თხოვნით გუშინ დაუკავშირდნენ.

როგორც უწყებაში განაცხადეს, სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მყისიერად ჩაერთო საქართველოს მოქალაქეების ავღანეთიდან გამოყვანის სამუშაო პროცესში. კომუნიკაცია დამყარდა როგორც პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე დამსაქმებელ კომპანიასთან. 

mazda magti 5g