საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ქვეყნის ავიაბაზარზე არსებული ლიდერი ავიაკომპანიების სიას აქვეყნებს. სააგენტოს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2017 წლის 9 თვეში, საქართველოს აეროპორტებიდან მგზავრთა გადაყვანით Turkish Airlines ლიდერობს. თურქულმა ავიაკომპანიამ 350 706 მგზავრი გადაიყვანა, რაც საავიაციო მგზავრთნაკადის 11%-ია.
თურქულ ავიაკომპანიას Georgian Airways მოყვება, რომელიც ბაზრის 9% აკონტროლებს. ქართულმა ავიაკომპანიამ 298 864 მგზავრი გადაიყვანა.
ტოპ-სამეულშია დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია WizzAir-იც, რომელიც ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახორციელებს. WizzAir მგზავრთა 8% -ს (240 055) მოემსახურა. აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიების ხუთეულში ვერ მოხვდნენ რუსული კომპანიები (სიბირი და აეროფლოტი), რომლებიც გასულ წელს, ამავე პერიოდში მე-4 და მე-5 ადგილს იკავებდნენ. წელს მათ პოზიციებზე – უკრაინული Ukraine International Airlines და არაბული Flydubai არიან.
შეგახსენებთ, საქართველოს აეროპორტები 2017 წლის 9 თვეში 3 199 063 მგზავრს მოემსახურნენ, ანუ 46.6%-ით (1 017 380 მგზავრი) მეტს ვიდრე გასულ წელს.