LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრალიელი ქალის, შანაე ბრუკის მკვლელობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

174
შანაე ბრუკი1

30 ივლისს, თბილისში, მთაწმინდის პარკში მოკლული ავსტრალიელი გოგოს, შანაე ბრუკის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 33 წლის მოქალაქე დააკავა.

აღნიშნულის შესახებ დღეს, შსს-ში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. დაკავებული საქართველოს მოქალაქეა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის ზომად 7-15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კახა მურადაშვილმა განაცხადა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2021 წლის 30 ივლისს, თბილისში, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი ედუარდსის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა.

„ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დროებით ცხოვრობდა თბილისში, გოგებაშვილის პირველ შესახვევში. მეგობრების განმარტებით, იგი ხშირად სეირნობდა მთაწმინდის პარკის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში.

30 ივლისს შანაი ბრუკი მეგობრებს უნდა შეხვედროდა, თუმცა არ მივიდა დათქმულ დროს და მას შემდეგ მასთან კომუნიკაცია შეწყდა. მოგვიანებით, შანაი ბრუკის მეგობრებმა აღნიშნულის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინეს.

შეტყობინების მიღებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სამძებრო ღონისძიებები დაიწყეს. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო კრიმინალური პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რამდენიმე ასეული თანამშრომელი,“ – განაცხადეს შსს-ში.

უწყების ცნობით, ძებნის ოპერაციაში ასევე ჩართული იყო საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახური. ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად კი, 31 ივლისს, დღის მეორე ნახევარში, ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს, რომელსაც  ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამომძიებლის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო – კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტ – კრიმინალისტების მონაწილეობით მოხდა შემთხვევის ადგილისა და ცხედრის დათვალიერება, რა დროსაც საქმისათვის მნიშვნელობის მქონე არაერთი ნივთი და ბიოლოგიური კვლები ამოიღეს. ასევე, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, დაზიანებულ მდგომარეობაში.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ კი, ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს და ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზა, ხოლო შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნივთებსა და კვლებზე დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური, ბიოლოგიური და გენეტიკური ექსპერტიზები ჩატარდა.

„გამოძიებამ ჩაატარა რამდენიმე ასეული საგამოძიებო მოქმედება. გამოიკითხა 200-ზე მეტი პირი, მათ შორის გარდაცვლილი ქალის მეგობრები, თანამშრომლები, მეზობლები, დანაშაულის დღეს მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე მყოფი და იქ დასაქმებული პირები. მათგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დამნაშავე პირის იდენტიფიცირების მიზნით, შეიქმნა ფოტორობოტი, რომელიც გაეგზავნა ყველა ოპერატიულ დანაყოფს.

შესწავლილ იქნა შანაი ბრუკის გადაადგილების მარშრუტები და დათვალიერდა შემთხვევის დღეს, შანაი ბრუკის გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერები, ასევე, შემთხვევის ადგილის, მისი დროებითი საცხოვრებელი სახლისა და მთაწმინდის პარკის მიმდებარე ქუჩებზე განთავსებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის – „112“-ისა და კერძო ობიექტების კუთვნილი, რამდენიმე ათეული ვიდეო სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები,“- აღნიშნეს უწყებაში.

შსს-ს ცნობით, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობისა და სამართლებრივი დახმარების ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა სახის ღონისძიება:

კერძოდ, დისტანციურად გამოიკითხეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი, შანაი ბრუკის მეგობარი, რომელთანაც სოციალური ქსელის მეშვეობით, შანაი ბრუკს გარდაცვალებამდე  კომუნიკაცია ჰქონდა.

ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული, სავარაუდო დამნაშავის ბიოლოგიური კვლები, დნმ-ის ბაზებთან შედარების მიზნით, ინტერპოლის წევრ 194 სახელმწიფოში გადააგზავნეს.

აღნიშნულ დანაშაულთან სავარაუდოდ შემხებლობაში მყოფი რამდენიმე ათეული პირისგან  ბიოლოგიური ნიმუშები აიღეს, რომლებზეც გენეტიკური ექსპერტიზები დაინიშნა.

„მოხდა თითოეული მათგანის დეტალური გამოკითხვა, მათ მიერ გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაცია ალიბები, თუ სად იმყოფებოდნენ შანაი ბრუკეს გარდაცვალების დროს, გადამოწმდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებით.

კომპლექსური და მრავალმხრივი საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მინიმუმამდე შემცირდა ზემოთ აღნიშნულ პირთა წრე, ხოლო, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით, უტყუარად დადასტურდა ბრალდებულის ვინაობა.

გამოძიების ფარგლებში შეკრებილი მტკიცებულებების, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებების, ვიდეო სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, მიმდინარე წლის 8 სექტემბერს ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 1988 წელს დაბადებული რ.მ.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“- განაცხადეს დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები