LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომანქანის ტექინსპექტირების წესის დარღვევისთვის ჯარიმები მკაცრდება – იხილეთ ვრცლად, რა იცვლება

120
BeFunky-collage (10)

განმეორების შემთხვევაში, ტექინსპექტირების გაუვლელობაზე დამატებითი ჯარიმის ასამოქმედებლად, დღეს პარლამენტში ახალი საკანონმდებლო პაკეტი დაინიცირდება.

საუბარია კანონპროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებას გზებზე ტექნიკურად გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მინიმუმამდე დაყვანით.

როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა, საქართველოში ერთ-ერთი მთავარი გარემოსდაცვითი გამოწვევა სწორედ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაა, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ძირითადი წყარო ტრანსპორტიდან გამომდინარე მავნე ნივთიერებათა გაფრქვევებია.

მისი თქმით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გათვალისწინებულია ჯარიმების გამკაცრება.

„დღეს მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ჯარიმდება 50 ლარის ოდენობით. თუმცა, კოდექსი არ ითვალისწინებს სანქციას აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში. ეს კი საშუალებას აძლევს პოტენციურ სამართალდამრღვევს, ტექნიკური ინსპექტირების დადგენილი წესით გავლის ნაცვლად მხოლოდ ჯარიმის თანხის, 50 ლარის გადახდით შემოიფარგლოს.

ამდენად, ტექნიკური ინსპექტირების უმნიშვნელოვანესი რეფორმის სრულყოფის, ავტოტრანსპორტის ტექნიკური გამართულობისა და საბოლოოდ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, აუცილებელია შესაბამისი ცვლილებები არსებულ საკანონმდებლო მოწესრიგებაში.

სწორედ, ამიტომ დღეს ინიციირდება საქართველოს პარლამენტის წევრების ავტორობით მომზადებული საქართველოს კანონის პროექტი: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს ზემოთ ხსენებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში.

კერძოდ: თუ ტექნიკური ინსპექტირების დადგენილი წესით გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ტექნიკურ ინსპექტირება გაუვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად ან საექსპლუატაციოდ გადაცემის გამო ერთხელ დაჯარიმებული პირი შესაბამისი სახდელის დადებიდან 30 დღის განმავლობაში განმეორებით ჩაიდენს იმავე ქმედებას: ფიზიკური პირი დაჯარიმდება -150 ლარის ოდენობით; იურიდიული პირი/ინდ. მეწარმე დაჯარიმდება -300 ლარის ოდენობით.

იმავე პრინციპის შესაბამისად თუ ზემოთ ხსენებული სამართალდარღვევა ისევ განმეორდა აღნიშნული გამოიწვევს: ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით; იურიდიული პირის/ინდ. მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

ხოლო, 118-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად იგივე სამართალდარღვევისთვის სახდელის დადებიდან 30 დღის შემდეგ, სამართალდარღვევის ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს: ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის/ინდ. მეწარმის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით. კანონპროექტის ამოქმედება გათვალისწინებულია გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g