LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომოგზაურობა ანდალუსიაში: ხეობები, კლდეები და უცნაური ადგილები

699
andalusia-car

მალაგა – ტორკალის პარკი – ანტეკერა – ელ ჩოროს ხეობა – სეტენილ დე ლას ბოდეგასი – რონდა – ხუსკარი

მანძილი: 196 კმ
დრო გაჩერებების გარეშე – 5 საათი ერთი მიმართულებით, სრულფასოვანი გაჩერებებით – 10 საათი. შესაძლებელია მარშრუტის ორად დაყოფა და სეტენილ დე ლას ბოდეგასში გათენება.
ყველა გზა უფასოა, თუ რუქაზე მარშრუტს მიყვებით და ფასიან АP-7 და AP-46 აირიდებთ.

მარშრუტის უდიდესი ნაწილი მთებისა და ხეობების სერპანტინს მიუყვება. ზამთარში მთებში +5+15. ზაფხულში +15+25. ნებისმიერ დროს თან იქონიეთ ნიავი რომ არ დაუქიქინებს ისეთი ტანსაცმელი და მოხერხებული ფეხსაცმელი.

მალაგადან გაემგზავრეთ ჩრდილოეთით, ისე რომ არ შეხვიდეთ ფასიან ტრასაზე AP-46 (ესპანეთში ფასიანი გზები AP-თი იწყება). მალე გზა მაღლა მიუყვება და 1.5 საათში ნორმალური გაჩერების ადგილას მიხვალთ. ეს არის ნაციონალური პარკი ტორკალი – გამოშიგნული კლდეების, ქვებისა და გამოქვაბულების შთამბეჭდავი თავმოყრა, რომელიც იურიულ პერიოდს ეკუთვნის. შესასვლელშია ტურისტული ცენტრი ყველა საჭირო ინფორმაციით.

პარკში რამდენიმე საფეხმავლო მარშრუტია, ყველაზე მარტივია მწვანე. ეს არის 1.5 კმ და 30-40 წთ სავალი შესანიშნავ ხედებამდე. შესვლა უფასოა. პარკი ღიაა 10:00-დან 17:00 სთ-მდე (აპრილ-ოქტომბერში 19:00 სთ-მდე).

ტორკალიდან 20 კმ-შია ძველი ქალაქი ანტეკერა. არაბული ალკასაბის ციხესიმაგრისა და ბევრი ძველი ნაგებობის გარდა, აქ არის რამდენიმე პრეისტორიული დოლმენი (მეგალითური ნაგებობა) Menga, Viera და El Romeral. ჩვ.წ.აღ-მდე ნაგებობები სტოუნჰეჯისა და ეგვიპტის პირამიდების ტოლები არიან და ძველი ცივილიზაციის ამ ძეგლებში შესვლაც შეიძლება, თანაც უფასოდ.

ანტეკერში წახემსებაც შეიძლება, ქალაქი განთქმულია თავისი სამზარეულოთი. დააგემოვნეთ porra antequerana (გასპაჩო ანტეკერულად) და pio antequerano (ფორთოხლის, ვირთევზის, ხახვისა და მოხარშული კვერცხის ცივი წასახემსებელი). ფუნთუშა mollete მთელ ესპანეთშია ცნობილი.

ანტეკერიდან გაემართეთ А-343 გზით ელ ჩოროს ხეობამდე. გზა ერთ საათს დაიკავებს და მშვენიერი მთიანი ხედებით დატკბებით. ადგილზე ჩასულებმა მანქანა პარკინგზე გააჩერეთ და მაჩვენებლიან ბილიკს გაუყევით, რომელიც ხეობამდე მიგიყვანთ. მთელი გზა 2 კმ-ს შეადგენს და მთავრდება დასათვალიერებელი მოედნითა და სამეფო ბილიკით (El Caminito del Rey). ის აერთებს ჩოროსა და გაიტანეხოს ჩანჩქერებს და მე-20 საუკუნის დასაწყისში აქტიურად იყენებდნენ ჰეს-ის მშენებლობისას. ამჟამად ის მთელი მსოფლიოს ექსტრემალებს იზიდავს.

ელ ჩოროში შესვლა ფასიანია. ერთდროულად აქ 400 კაცზე მეტი ვერ იქნება. სამუშაო საათები: 10:00-17:00 სთ (ნოემბრიდან მარტის ბოლომდე – 14:00 სთ). ბილეთები საიტზე წინასწარ შეგიძლიათ 10 ევროდ იყიდოთ.

კიდევ ერთ საათში საოცარ სეტენილ დე ლას ბოდეგასში იქნებით – ქალაქი, რომელსაც კლდეები კიდია. სახლები აქ ბაზალტის კლდეებშია შესული და ბუნებრივი გამოქვაბულის გაგრძელებას წარმოადგენს. მშვიდად ისეირნეთ ამ უჩვეულო ქალაქში და თუ ადგილობრივ კლდოვან რესტორანშიც წაიხემსებთ, ამას რა აჯობებს.

ერთი საათი კლდის ქალაქიდან და უკვე ხართ ქალაქში, რომელიც უფსკრულზეა გაშენებული. ეს არის რონდა, რომელიც ორ მაღალ პლატოზე მდებარეობს და ულამაზესი ხიდითაა დაკავშირებული. მთელი ქალაქი ერთი დიდი სათვალთვალო მოედანია ელ ტახოს ხეობის არაჩვეულებრივი პანორამით. რონდა კორიდას სამშობლოა და ქალაქი, სადაც ცხოვრობდნენ კელტები, ფინიკიელები, რომაელები და არაბები. თითოეულმა დატოვა ამ ქალაქში თავისი კულტურის ანაბეჭდი.
რონდა შესანიშნავი ადგილია დასარჩენად, მით უმეტეს, რომ ძალიან ბევრი სასტუმროა.

თუ მოგზაურობის გაგრძელებას ან მალაგაში (1.5 სთ) ან მარბელაში (1 სთ) დასრულებას გადაწყვეტთ, ღირს გაიაროთ სოფელი ხუსკარი. ამ არც თუ გამორჩეულმა სოფელმა 2011 წელს Sony Pictures-მა კონტრაქტი გააფორმა და მთელი ქალაქი ცისფრად შეღებეს (ძველი ეკლესიისა და მუნიციპალური შენობების ჩათვლით) სმურფების მულტფილმის გამო. კონტრაქტი უკვე ამოიწურა, მაგრამ ადგილობრივები არ ჩქარობენ სახლები ისევ გადაღებონ: ასე ქალაქი ბევრ ტურისტს იზიდავს.

 

 

ზღვა (ხმელთაშუა), მთები (სიერა ნევადა), ოკეანე (ატლანტის), უდაბნო (ტაბერნასი), ზეთისხილის ველები და ვენახები – ეს სულ ანდალუსიაა: არაბული ლამაზმანი ბოშური სისხლით.
აქ კიდევ უამრავი რამაა სანახავი, მაგრამ ეს უკვე სხვა დროის თემაა.
მანამდე კი მოკლედ მთავარზე:

 

სევილია (Sevilla) – ანდალუსიის დედაქალაქი და ალბათ ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი მთელ ევროპაში.

ალმერია (Almería) – ანდალუსიის ლანდშაფტით ყველაზე უჩვეულო რეგიონი.

კადისი (Cádiz) – ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი. კადისის შემდეგ უკვე აფრიკა და მაროკოა.

კორდობა (Córdoba) – ანდალუსიის შუასაუკუნეების გული. სწორედ აქ არის ყველაზე მეტი კოშკები, ხიდები, მსხვილი კედლები, ძველი ტაძრები, ქაოტური ვიწრო ქუჩები.

გრანადა (Granada) – აქ მდებარეობს რეგიონის მთავარი ღირსშესანიშნაობა, ალჰამბრას ციხესიმაგრე და ხენერალიფეს ბაღები.

ხაენი (Jaén) – ზეთისხილის ველების პროვინცია. ულამაზესი ქალაქია სანტა კატალინას მთის ძირას.

მალაგა (Málaga) – აყვავებული გაცხოველებული საკურორტო ქალაქი, თვალწარმტაცი სანაპიროებითა და კარგად შენახული ისტორიული ცენტრით.