აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამა, შესაძლოა, აიკრძალოს და აკრძალვის საწინააღმდეგო ქმედება 10 000 ლარიანი ჯარიმის დაკისრების საფუძველი გახდეს.
სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მზად არის და ის განხილვისთვის პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება. ცვლილების მიხედვით, აიკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელება რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში, ასევე გარე რეკლამა მათგან 100 მეტრის რადიუსში.
„ინტერპრესნიუსის“ ცნობითვე, ასევე იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელება ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით, გარდა სპონსორობისა. სპონსორობის შემთხვევაში, დასაშვებია მხოლოდ აზარტული და მომგებიანი თამაშების ორგანიზატორი მეწარმე სუბიექტის დასახელების და სასაქონლო ნიშნის/ლოგოტიპის გავრცელება.