LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოშია – კადრები ილჰამ ალიევის დახვედრის ცერემონიიდან

62
Untitled design (1)

საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ეწვია.

ილჰამ ალიევის დახვედრის ცერემონია შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტს აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარიძე და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევი დახვდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ილჰამ ალიევი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრებზე მხარეები რეგიონულ გამოწვევებსა და ორმხრივი ურთიერთობის საკითხებს განიხილავენ:

„როგორც ცნობილია, საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა, კეთილმეზობლური ურთიერთობები. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ბატონ პრეზიდენტს ექნებათ შესაძლებლობა, ერთი მხრივ, განიხილონ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გვაქვს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში.

ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში არის ძალიან ფართო სპექტრი საკითხების და სწორედ დღევანდელი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იქნება შესაძლებლობა ამ საკითხების განხილვის. მეორე მხრივ, რეგიონული გამოწვევების ფონზე მეორე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც განიხილება, არის ის, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს ორმა სახელმწიფომ ჩვენს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა და ყველა ის საკითხები, რომელიც მრავალმხრივ ფორმატებში და რეგიონული გამოწვევების ფონზე არსებობს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

 

პოპულალურები