„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის, საზღვრის გადაკვეთაში დახმარების ფაქტზე დაკავებული, შოთა ქარუმიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. პროკურორის ინფორმაციით, შოთა ქარუმიძეს შესრულებული სამუშაოსთვის 30 000 ლარი გადაუხადეს.
„დედაჩემი არის ცუდად, ამასაც თუ გაითვალისწინებთ, კარგი იქნება. უჩემოდ უჭირს გადაადგილება. ვთანამშრომლობ და ვითანამშრომლებ, რომ არ მდომოდა თანამშრომლობა, დუმილის უფლებით ვისარგებლებდი. პირიქით, წავედი თანამშრომლობაზე. მიმალვის საშიშროება არ არის,“ – განაცხადა სასამართლო პროცესზე ქარუმიძემ.
სხდომაზე პროკურორი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა, მისი მიმალვის საშიშროებიდან გამომდინარე. ადვოკატი ალექსანდრე ამირხანაშვილი მას არ დაეთანხმა, ვინაიდან დაკავებული ბრალდებას ეთანხმება და 80 000 ლარის ოდენობით გირაოს შუამდგომლობა დააყენა.
„ქვეყნიდან წასასვლელად სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები გამოვიყენე“ – გიორგი ბაჩიაშვილი
„ქვეყნიდან წასასვლელად სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები გამოვიყენე“ – გიორგი ბაჩიაშვილი
შეგახსენებთ, რომ 4 მარტს ცნობილი გახდა, რომ ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. ამის შემდეგ ბაჩიაშვილს მესამე – საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდება წაუყენეს და სამივე საქმეზე – ე.წ. ბიტკოინების, მტკვარი ჰესისა და საზღვრის კვეთის – დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდეს. შოთა ქარუმიძე კი გუშინ დააკავეს.