LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბადრიჯანი – მუდმივი ახალგაზრდობის ნაყოფი

117
ბადრიჯანი

შუა საუკუნეებში ბადრიჯანს – უჭკუობის ვაშლს – უწოდებდნენ. ამ მცენარის ნაყოფი ევროპელებმა არაბების წყალობით იგემეს, თუმცა დიდხანს არ იცოდნენ მისი სწორად მომზადება, თან ნაყოფთან ერთად სხვა ნაწილებსაც მიირთმევდნენ და ხშირად იწამლებოდნენ.

ბადრიჯნის მწიფე ნაყოფი შეიცავს უჯრედისს, პექტინებს, ორგანულ მჟავებს, პროვიტამინ A-ს, C, P და B ჯგუფის ვიტამინებს, ნატურალურ შაქრებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ნახშირწყლებს, ცილებსა და ცხიმებს. მინერალებიდან კალციუმს, კალიუმს, ფოსფორს, რკინას, ნატრიუმს, მაგნიუმს, სპილენძს, თუთიას, კობალტს, მანგანუმსა და ალუმინს. ბადრიჯანი აუმჯობესებს გულ–სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, ასუფთავებს ნაწლავებსა და სანაღვლე გზებს. საკვებ რაციონში ბადრიჯნის სისტემატურად ჩართვის შემთხვევაში ღვიძლის ფუნქციაც ნორმალიზდება. სპილენძის, რკინის, კობალტისა და მანგანუმის წყალობით ორგანიზმში უმჯობესდება სისხლის წარმოქმნა.

ბადრიჯანი დადებით გავლენას ახდენს ელენთისა და ძვლის ტვინის ფუნქციებზე. აქედან გამომდინარე, ანემიით დაავადებულთათვის მეტად სასარგებლოა. ის ხელს უწყობს ერითროციტების წარმოქმნას და ნორმაში მოჰყავს ჰემოგლობინის დონე. დაბალი კალორიულობის გამო ბადრიჯანი თამამად შეიძლება მიირთვან ჭარბი წონის მქონეებმაც. ის საუკეთესოდ ანაყრებს. მას აქვს სუსტი, მაგრამ ეფექტური შარდმდენი მოქმედება, ამიტომაც სასარგებლოა თირკმლის პათოლოგიით დაავადებულთათვის. ხალხურ მედიცინაში ბადრიჯანს ოდითგან იყენებენ ჭრილობებისა და წყლულების მოსაშუშებლად, აგრეთვე პოდაგრის სამკურნალოდ.

ბადრიჯანი რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის – იგი აქვეითებს შაქრის დონეს სისხლში. მას ორგანიზმიდან გამოაქვს ჭარბი სითხე და ხსნის შეშუპებას, დადებით გავლენას ახდენს თირკმელებზე შარდკენჭოვანი დაავადებებისას. მწეველს ბადრიჯანი თამბაქოს მიტოვებას უადვილებს. საქმე იმაშია, რომ ბადრიჯანი შეიცავს ნიკოტინის მჟავას, რომელიც ეხმარება მწეველს დისკომფორტის გადალახვაში. თუ ბადრიჯნით გახდომა გსურთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ შემწვარი ბადრიჯანი ამისთვის არ გამოგადგებათ. ბადრიჯანი არ უნდა მიირთვან გასტრიტითა და წყლულოვანი პათოლოგიით დაავადებულებმა. ბადრიჯანი ასევე წარმატებით გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. არაბები ტყუილად როდი უწოდებდნენ ბადრიჯანს „მუდმივი ახალგაზრდობის ნაყოფ“-ს. ბადრიჯნის რბილობი გაჯერებულია ნივთიერებებით, რომლებიც კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს. კოლაგენის წყალობით კი კანი დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს ელასტიკურობას და სინორჩეს. ის, კიტრის მსგავსად, ატენიანებს და ათეთრებს კანს. კანის გაღიზიანებულ და ანთებად უბნებზე სასარგებლოა ბადრიჯნის წვენში დასველებული ტამპონების დადება. ბადრიჯანი ხომ ბუნებრივი ანტისეპტიკური საშუალებაა. მისი კანის ნახარში კი მუქ თმას საოცარ ბზინვარებას ანიჭებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები