LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BAG ინდექსი – ბიზნესი კვლავ სპეციალისტების ნაკლებობას უჩივის

122
BAG ინდექსი

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის 2024 წლის პირველი კვარტლის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელმა 43.6 ქულა შეადგინა და წინა კვარტლების მსგავსად, ბუმის ფაზაში იმყოფება, რასაც განაპირობებს როგორც ბიზნესის ოპტიმისტური მოლოდინი, ასევე მიმდინარე მდგომარეობის პოზიტიურად შეფასება.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესის მოლოდინის მაჩვენებელმა 60.8 ქულას მიაღწია, რაც უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია ინდექსის წარმოების ისტორიაში. განსაკუთრებით გაუმჯობესებულია მოლოდინები ვაჭრობის, მშენებლობისა და მომსახურების სექტორებში.

რაც შეეხება მიმდინარე მდგომარეობის შეფასებას, 2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, მაჩვენებლები გაუარესდა ვაჭრობისა და მომსახურების სექტორებში. აღნიშნული, სავარაუდოდ, შემცირებულმა გაყიდვებმა განაპირობა.

2024 წლის პირველ კვარტალში, გამოკითხულ კომპანიათა 30%-მა განაცხადა, რომ მათთან დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება. სექტორებს შორის, დასაქმებულთა რაოდენობის საფუძველზე, ყველაზე პოზიტიურად მშენებლობის სექტორში არსებულ მდგომარეობას აფასებენ. მშენებლობის სექტორი ასევე დადებითად შეფასდა გაყიდვების კუთხითაც.

რაც შეეხება გაყიდვების ფასებს, 2024 წლის პირველ კვარტალში ისინი გამოკითხული კომპანიების 18%-მა გაზარდა. სექტორებს შორის ფასების ზრდას პროცენტულად ყველაზე მეტი კომპანია მშენებლობის სექტორში აფიქსირებს, რაც, შესაძლოა, უძრავ ქონებაზე მაღალ მოთხოვნას უკავშირდებოდეს.

2024 წლის პირველ კვარტალში, ბიზნესსაქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ხუთი ფაქტორი გამოიკვეთა: სპეციალისტების ნაკლებობა, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, სამუშაო ძალის ნაკლებობა, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა და მოთხოვნის სიმცირე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები