LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბახმარო შესაძლოა, საქართველოს ყველაზე ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტი გახდეს

795

ბახმაროს მთელი წლის კურორტად გადაკეთებაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც ”ფორტუნას” გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ განუცხადა, კურორტის გაზიფიცირების პროექტირების სამუშაოები უკვე დასრულებულია.

სალუქვაძის თქმით, უახლოეს მომავალში ტენდერში გამარჯვებული კომპანია ბახმაროს განვითარების გენერალურ გეგმას შეადგენს.

”გაზიფიცირების პროექტი დასრულებულია. ასევე იყო გამოცხადებული კონკურსი და გამოვლენილია კომპანია, რომელიც ბახმაროს განვითარების გენერალურ გეგმას გააკეთებს. ბახმაროში უნდა მოეწყოს გზები, წყალშემკრებები, ქუჩები და ა.შ.

საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეისწავლეს გზის სირთულეებიდან გამომდინარე მისი მოწყობა. უხვთოვლიანობის შემთხვევაში განვლადი რომ იყოს გზა. ამ ეტაპზე, სანამ თოვლი მოვა მასშტაბურად ხორციელდება ყველა ის წინასაპროექტო და საპროექტო ღონისძიებები, რომელიც მთავრობამ დასახა”, – განაცხადა გია სალუქვაძემ.

თუკი გეგმა მართლაც განხორციელდება და ბახმარო, როგორც კურორტი ერთის ნაცვლად 4 სეზონი იფუნქციონირებს, კურორტზე არსებული ხის კოტეჯები, კაპიტალური შენობებით ჩანაცვლდება.

გია სალუქვაძის განცხადებით, კოტეჯებამდე გაზის, წყლის, გაზის, ელექტროენერგიისა და კანალიზაციის მიყვანას პროექტის ხარჯები უზრუნველყოფს, თუმცა კოტეჯების რეაბილიტაციასა თუ შეცვლას, კერძო მესაკუთრეები სურვილისამებრ შეძლებენ.

გურიის გუბერნატორი მიიჩნევს, რომ ბახმაროს დიდი ტურისტული და სპორტული პოტენციალი გააჩნია.

მისი თქმით, კურორტზე სასტუმროების მშენებლობით და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებით, შვეიცარიელები არიან დაინტერესებულები.

”ჩვენთან არსებული სათხილამურო ტრასები გუდაურსა და კოხტაზე თოვლისგან არ არის განებივრებული და ძირითადად ხელოვნური თოვლია. სტატისტიკას თუ დავაკვირდებით და ასევე ავსტრიული კომპანიის კვლევას, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, ბახმაროში 7-8 თვის განმავლობაში მუდმივად თოვლია.

წელს 60-მდე მოთხილამურე ჩამოდის, იქირავეს კოტეჯები, ჩამოჰყავთ სპეციალური ტექნიკა და მთელი ზამთრის განმავლობაში, სათხილამურო ტრასების შესწავლის მიზნით, გარემოს დააკვირდებიან. მათ აქვთ სურვილი, სასტუმროებისა და ტურისტული ნაგებობების აშენებაში მონაწილეობა მიიღონ”, – განაცხადა სალუქვაძემ.

ამ ეტაპზე კურორტზე ივლისიდან აგვისტომდე ერთი სასტუმრო ფუნქციონირებს.

ბახმაროში მთისა და ზღვის ჰაერი შერწმულია ერთმანეთში რაც ზღვის დონიდან 2200 მეტრზე არსებული კურორტის უნიკალურობას განაპირობებს.

ბახმაროში სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარების მიზნით, სათხილამურო ტრასის მშენებლობა ჯერ კიდევ 2011 წელს, წინა მთავრობის ოთხწლიანი სამოქმედო გეგმის „მეტი სარგებელი ხალხს“ ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო.

შემდეგ, იგივე ინიციატივა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მიმდინარე წლის ზამთარში გააჟღერა.

ბახმაროს საკურორტო ზონის განვითარებისათვის ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე 2016 წლის 18 მარტს მთავრობის შესაბამისი განკარგულებაც გამოიცა.

magti 5g