27 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით, ვენეციის 82-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი, რომლის ისტორიაც 1932 წლიდან იწყება, კუნძულ ლიდოზე კინო ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და მესვეურებს, ამჯერადაც დაუვიწყარ და შთამბეჭდავ დღეებს ჰპირდება.
საფესტივალო პროგრამისა და პრიზების გარდა, უძველესი კინოფესტივალი ყოველწლიურად წითელი ხალიჩითაც გამოირჩევა.
ამ მხრივ უკვე ცნობილია, რომ კინოფესტივალის მიმდინარეობისას წითელ ხალიჩაზე არაერთ ვარსკვლავს ვიხილავთ.
მათ შორის, ვინც ფესტივალისთვის იტალიაში უკვე ჩავიდნენ და ფოტოგრაფების ობიექტივშიც მოხვდნენ, ჯორჯ და ამალია კლუნები აღმოჩნდნენ. ამ უკანასკნელმა ფესტივალის ოფიციალურ ლუქამდე, ქუჩაში გამოჩენისას არჩევანი ,,ბალმეინის” ყვითელ კაბასა და ,,პრადას” თეთრ ფეხსაცმელზე შეაჩერა.
ცნობისთვის, ფესტივალის ფარგლებში ჯორჯ კლუნისა და ადამ სენდლერის მონაწილეობით ფილმის – Jay Kelly პრემიერა შედგება.

