ბათუმში წუხელ ძლიერი ქარი იყო. „ფორტუნას“ კორესპონდენტის ინფორმაციით, ქარმა თამარის დასახლებაში დევნილების საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა, სახურავის ნაწილი ეზოში მდგარ მანქანებს დაეცა, დაზიანებულია 5 ავტომობილი.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე იმყოფებიან ა(ა)იპ ,,ბათუმის კორპუსის“ წარმომადგენლები და მიმდინარეობს მდგომარეობის შესწავლა. დღეიდანვე განხორციელდება დაზიანებული სახურავების დროებით ბრეზენტით გადახურვა და დაპროექტების სამუშაოები. რამდენიმე დღეში კი დაიწყება სახურავების გადახურვის სრული რეაბილიტაცია.
ქარის შედეგად წაქცეულია ერთი ხე პუშკინისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების კვეთაში. გამწვანების სამსახური წაქცეული ხის გატანის სამუშაოებს ახორციელებს. გრძელდება მონიტორინგი უბნების მიხედვით.
ბათუმში უკვე გამოიდარა.