ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა. დაზიანებულია სამი სახლი.
ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთი მეხანძრე-მაშველია. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სამივე მათგანს უკვე გაეწია შესაბამისი დახმარება და მათი მდგომარეობა სტაბილურია. წინასწარი ინფორმაციით, სხვა დაშავებულები არ არიან.
რამაზ ჯინჭარაძის განცხადებით, დაითვლება ზარალი და დაზარალებულებს ყველანაირი დახმარება გაეწევათ.
ხანძარი გოგებაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა, საიდანაც იქვე მდებარე კიდევ ორ სახლზე გავრცელდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.