სარფი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე მამაკაცი უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა.
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მამაკაცი სიმთვრალე-სიფხიზლის შემოწმების მიზნით გააჩერა, თუმცა სიმთვრალე არ დადგინდა და მძღოლმა გადაადგილება განაგრძო.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მოგვიანებით აღნიშნულ მამაკაცთან დაკავშირებით უწყებაში შეტყობინება შევიდა, შემთხვევის ადგილზე მისულ საპატრულო ეკიპაჟს კი მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო და მის დასრულებამდე პატრულ ინსპექტორებს უფლებამოსილება შეუჩერდათ.
“მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს ბათუმში, ახალსოფელში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა სიმთვრალე-სიფხიზლეზე გადამოწმების მიზნით მსუბუქი ავტომობილი შეაჩერა. მანქანის მძღოლი, 1957 წელს დაბადებული ა.ლ. ალკოტესტით შემოწმდა. დადგინდა, რომ ფხიზელი მართავდა საჭეს,რის შემდეგაც მძღოლმა ავტომანქანით გადაადგილება განაგრძო. დაახლოებით 15-20 წუთში მოქალაქეებმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს დახმარებისთვის მიმართეს. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ა.ლ. უგონო მდგომარეობაში დახვდათ. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტის შესწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამაც დაიწყო. გამოძიების დასრულებამდე პატრულ-ინსპექტორებს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ”,- განაცხადეს შსს-ში
ბათუმი-სარფის დამაკავშირებელ გზაზე მოქალაქეები არიან შეკრებილები და მამაკაცის გარდაცვალებას აპროტესტებენ. მათი თქმით, მამაკაცი ცენტრალურ გზაზე საპატრულო ეკიპაჟმა შემოწმების მიზნით გააჩერა, მძღოლი კი სამართალდამცავებს სთხოვდა გაშვებას, რადგან შეუძლოდ იყო. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, მამაკაცი სამართალდამცველებისთვის ახსნა-განმარტების მიცემის დრო გარდაიცვალა.