LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა „ქართული ოცნების“ ოფისში ძალით შესვლა სცადეს [ვიდეო]

Untitled

„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა, რომლებიც პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისთან აქციას მართავენ, შენობაში ძალით შესვლა სცადეს.

აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა „ქართული ოცნების“ ოფისში შესვლის უფლება არ მისცეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, მთავრობისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, აქციები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

2018 წლის 30 იანვარს, თბილისში, ვაგზლის მოდენის ტერიტორიაზე, ბავშვთა სამყარო და ე.წ. ოქროს ბირჟა რამდენისმე საათიანი ხანძრის შედეგად, თითქმის მთლიანად განადგურდა. ოფიციალური ინფორმაციით, დამწვარია 13 ათასი კვადრატული მეტრი. სწორედ ამ დროიდან ითხოვენ დაზარალებულები მთავრობისგან დახმარებას.

მერიიდან ხანძრის შედეგად დაზარალებულებისთვის 1 035 000 ლარი გამოიყო. თბილისის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან დახმარება საერთო ჯამში 345 დაზარალებულს გაეწია მათ ერთჯერადად 3 000 ლარიანი დახმარება მიიღეს. თუმცა, დაზარალებულების რაოდენობა ბევრად მეტია – გამოკითხული 849 მოვაჭრისგან დაზარალებულად ცნობილია 695 მათგანი.

“ბავშვთა სამყაროს” დირექტორი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი 27 ივლისს დააკავეს. 28 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ “ბავშვთა სამყაროს” დირექტორს, 50-ათასლარიანი გირაო და ამავე სამსახურის შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს 10 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

პოპულალურები