„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებსა და პოლიციას შორის აქციაზე დაპირისპირება მოხდა. აქცია მთავარი პროკურატურის წინ იმართება, სადაც „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების ხანძრის საქმეზე დროულ გამოძიებას და მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის, გადადგომას ითხოვენ.
მათ პროკურატურის შენობასთან კარავი გაშალეს, რომლის აღებაც პოლიციამ სცადა. კარვის აღების მცდელობას პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. კარავში მყოფი ერთ-ერთი ქალბატონი შეუძლოდ გახდა.
„ბავშვთა სამყაროს“ ხელმძღვანელობის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს დაზარალებულების ადვოკატი, ფრიდონ სუხიაშვილი.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.