ჰაერი აღარ არის, სუნთქვა მიჭირს, ვიგუდები… კედლები და ჭერი მიახლოვდება და სადაცაა, კუთხეში მიმიმწყვდევს. სინათლე ვეღარ აღწევს და ჩემს გარშემო სიბნელე და მოახლოებული კედლებია. ჰაერი კი საერთოდ ამოიწურა და ვგრძნობ, ყელი როგორ გამიშრა… – დამშვიდდი, გეჩვენება, ჰაერი საკმარისზე მეტია, – თავს ვიმშვიდებ, მაგრამ არაფერი გამომდის. ვცდილობ, ღრმად ვისუნთქო, მაგრამ უშედეგოდ. ჰაერი არ ჩამდის, პირი გამიშრა, ყლაპვა მიჭირს, ნელ-ნელა თვალებში მიბნელდება, ხელები და ფეხები ბუჟდება, ვკანკალებ… მორჩა, ახლა ნამდვილად წავიქცევი, – ყოველ წამს ვიმეორებ და მოუთმენლად ველოდები, გული როდის წამივა, საღად ვერ ვაზროვნებ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ გონებაზე ვარ, არ წავქცეულვარ. ვიხრჩობი – მინდა ვიყვირო, თუმცა ვერ ვყვირი… ოღონდ ახლა გადავრჩე, – ვფიქრობ გულში და ბოლო წამამდე გადარჩენის იმედს ვებღაუჭები… და ასე გრძელდება დაუსრულებლად… 
ეს არც საშინელებათა ფილმიდან პასაჟია, არც რაიმე გამოგონილი ამბავი, ეს ძალიან ნაცნობი ვითარებაა მათთვის, ვისაც დახურული სივრცის შიში აქვს და ამ შიშს მუდმივად განიცდიან.
კლაუსტროფობია – დახურული სივრცის შიში, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფობიაა. შიში ძირითადად ვლინდება ჩაკეტილ ოთახში, ლიფტში, მეტროში, მიწისქვეშა გადასასვლელებში, თუმცა პანიკაში ჩასავარდნად დახურული სივრცე სულაც არ არის აუცილებელი, საკმარისია, მოულოდნელად ამინდი შეიცვალოს და მოიღრუბლოს, ხალხით გადაჭედილ ადგილას მოხვდეს, მდინარესა ან ზღვაში ცოტა ღრმად შევიდეს ან თუნდაც თითზე ბეჭედი გაეჭედოს, რომ მაშინვე უჰაერობის შიში ეწყება, ჰგონია, რომ ფილტვებში ჰაერი ბოლომდე აღარ ჩადის, იწყებს ღრმად სუნთქვას, ნერვიულობის ნიადაგზე შინაგანი კანკალი ეწყება, თვალებში უბნელდება, გულის წასვლის შეგრძნება აქვს და ჰგონია, რომ ცოტაც და გაიგუდება. ასეთ დროს კლაუსტროფობს გული ერთადერთი მიზეზით შეიძლება წაუვიდეს და ეს მიზეზი ისევ ის ფობიაა, რომელიც მას აკონტროლებს.
ყოველ საღამოს 7 საათზე მგონია, რომ იგივე განმეორდება
მაგდა ვეკუა 15 წლის იყო, როდესაც პირველად მანქანაში ცუდად გახდა, მას შემდეგ დახურული სივრცის შიში აქვს და ამ ფობიისგან თავის დაღწევას ვერაფრით ახერხებს. 
„ოჯახთან ერთად მანქანით სოფელში მივდიოდი. მანქანაში ბევრნი ვისხედით და ხმაური იყო, ამ დროს ვიგრძენი რომ ვეღარ ვსუნთქავდი, პანიკაში ჩავვარდი, ვიგუდები-მეთქი, ვყვიროდი, სასწრაფოდ გადმომიყვანეს მანქანიდან, წყალი სახეზე მომასხეს, მამშვიდებდნენ, რამდენიმე წუთის მერე მდგომარეობიდან გამოვედი. კარგად მახსოვს, საღამოს 7 საათი იყო, ამ დღის მერე, ყოველ საღამოს 7 საათზე თუ სადმე ტრანსპორტით მივდივარ, მგონია, რომ ვერ ვსუნთქავ. ამ შემთხვევის შემდეგ ვეღარ ვჩერდები ხალხმრავალ ადგილებში, საოცრად მეშინია მარტო მგზავრობის, ლიფტის, სიბნელის. შეტევის დროს ვცდილობ, თავი ხელში ავიყვანო, მაგრამ არ გამომდის,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ მაგდა.
მაგდას მსგავსად კლაუსტროფობია პირველად ტრანსპორტით მგზავრობისას გამოუვლინდა ეკა ჭანკვეტაძესაც. თბილისიდან იმერეთში მიდიოდა, გვირაბში შესვლისას სუნთქვა გაუჭირდა და პანიკაში ჩავარდა.
„12 წლის ვიყავი, ტრანსპორტი გვირაბში რომ შევიდა, მივხვდი, ვეღარ ვსუნთქავდი. შფოთვა დამეწყო, საშინელი შეგრძნება იყო, გვირაბიდან რომ გამოვედით, ამოვისუნთქე. მას შემდეგ შიშები მაქვს. ელემენტარულად ბეჭედი რომ გამეჭედოს თითზე, მგონია, რომ დავიხრჩობი. დახურულ ოთახში ჩვეულებრივად ვჩერდები, მაგრამ საკმარისია, გავიგო, რომ ოთახის კარი ჩაკეტილია და გარეთ ვერ გავალ, მაშინვე საშინელი პანიკა მეწყება,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ ეკა.
აღნიშნული ფობიით უამრავი ადამიანი იტანჯება. თეორიულად ყველა კლაუსტროფობმა იცის, რომ მათი შიში უსაფუძვლოა და ბეჭდის თითზე გაჭედვით, ლიფტში რამდენიმე წუთიანი გაჩერებითა თუ მიწისქვეშა გადასასვლელში გადასვლით ადამიანი არ გაიგუდება, თუმცა, ფაქტის წინაშე დადგომის დროს, ემოციებს ვერ აკონტროლებენ და ყოველ ჯერზე პანიკაში ვარდებიან.
რა იწვევს კლაუსტროფობიას
კლაუსტროფობია ფსიქოლოგიური დაავადებაა, ყველა ადამიანში სხვადასხვა დროს ვლინდება და მისი გამომწვევი მიზეზებიც განსხვავებულია.
როგორც „ფორტუნასთან“ ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა ამბობს, კლაუსტროფობიის გამომწვევი მიზეზები ძირითადად ღრმა ბავშვობაში დევს და თითოეული შემთხვევა ცალკე განსახილველია. 
„კლაუსტროფობიის მიზეზი შესაძლოა, იყოს სამშობიარო ტრამვა. თუ დედას მშობიარობა გაუხანგრძლივდა, ბავშვს დიდხანს მოუწია მუცლად გაჩერება და გაუჭირდა გამოსვლა, ბავშვის ქვეცნობიერს ეს კარგად ახსოვს და რაღაც ასაკში მსგავს გარემოში მოხვედრისას ეს ტრამვა თავს ახსენებს, მსგავსი გარემო კი დახურული სივრცეა. გარდა ამისა, კლაუსტროფობიის მიზეზი შეიძლება, იყოს ოჯახური კონფლიქტიც. ყველა ფობია უსაფრთხოებასთან მიდის, მცირეწლოვანისთვის კი უსაფრთხოება დედა და მამაა და, თუ ოჯახში კონფლიქტია, ბავშვი თავს დაცულად ვერ გრძნობს, შიშები ეწყება, ეს ყველაფერი კი ზრდასრულობაში ფობიის სახით იჩენს თავს. კლაუსტროფობია შესაძლოა იყოს გენეტიკურიც. გენეტიკურად ბავშვს ბევრი რამ გადაეცემა, განსაკუთრებით შიში,“ – ამბობს ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა.
მარინა კაჭარავას მსგავსად კლაუსტროფობიის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად ბავშვობისდროინდელ ტრავმას ასახელებს ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილიც, თუმცა, მისი თქმით, გარდა ბავშვობის ტრავმისა, შესაძლოა, ადამიანს უკვე ცნობიერ ასაკში მოუხდა რაღაც ტრავმის გადატანა და ამის შემდეგ დაეწყო შიშები.
„აუცილებელი არ არის, რომ ადამიანი ფიზიკურად დახშულ სივრცეში მოხვდეს და ამ სივრციდან გაუსვლელობის შიში განიცადოს. ხშირია შემთხვევები, როდესაც ცხოვრებისეული გამოცდილება ადამიანს მართლაც ჩიხის მდგომარეობას უქმნის და აგრძნობინებს, რომ ამ სიტუაციიდან გამოსავალი არ არსებობს, ეს ფიქსირდება გონებაში და შემდგომ ასეთ სივრცობრივ რეალობაში განზოგადდება,“ – ამბობს „ფორტუნასთან თეა გოგოტიშვილი.
კლაუსტროფობია ყველა ადამიანს სხვადასხვა ფორმებში აქვს. ზოგს შეიძლება, გამწვავებულ ფორმებში ჰქონდეს, ზოგს კი შედარებით მარტივად, თუმცა დახურული სივრცის შიშს შესაძლოა, სხვა შიშებიც ახლდეს თან – წყლის შიში, სიმაღლის შიში. ყველაფერი ერთად კი ადამიანს გამუდმებით დისკომფორტს უქმნის და მის ნერვულ სისტემას ანგრევს. 
როგორ დავამარცხოთ კლაუსტროფობია
კლაუსტროფობიის დამარცხების რამდენიმე გზა არსებობს. ადამიანმა ფობია შეიძლება, სხვების დახმარების გარეშე დაამარცხოს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ადამიანებს შიშზე გაბატონება უჭირთ, ამიტომ ფობიისგან გათავისუფლების საუკეთესო გზა – ფსიქოთერაპიაა.
„კლაუსტროფობიის დასამარცხებლად აუცილებელია, გავიხსენოთ, საიდან მოდის შიში, გავაცნობიეროთ და გავბატონდეთ მასზე. შიში რატომ აშინებს ადამიანს? იმიტომ, რომ ის ჩვენში შემოიჭრება და მთლიანად გვაკონტროლებს, როდესაც მე ვაკონტროლებ მას, ამ შემთხვევაში, მე შიშის აღარ მეშინია. არსებობს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია, რომელიც მთლიანად სხეულზე მუშაობს და ეს შიში სხეულიდან გამოჰყავს. ბევრი გზა არსებობს. გართულებულ ფორმებში ზოგჯერ ფსიქიატრიც ერთვება, მაგრამ ძირითადად ფსიქოთერაპიაც საკმარისია ნებისმიერი ფობიის და მათ შორის კლაუსტროფობიის დასამარცხებლად,“ – ამბობს ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა.
ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი „ფორტუნასთან“ კლაუსტროფობიისგან გათავისუფლების 3 ძირითად წინაპირობას ასახელებს:
„კლაუსტროფობები ხშირად ამ მდგომარეობას მორგებულები არიან. პირველ რიგში აუცილებელია, ადამიანს ჰქონდეს ამ შიში გადალახვის შინაგანი ნება, მეორე – პაციენტს უნდა ჰქონდეს შინაგანი რესურსი ფობიასთან საბრძოლველად და მის დასამარცხებლად და მესამე – დასახმარებლად უნდა მიმართოს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტ,“ – განმარტავს ფსიქოლოგი
რაც შეეხება, კლაუსტროფობიის საკუთარი ძალებით დამარცხების მცდელობას, გოგოტიშვილის თქმით, ამ შემთხვევაში ადამიანი აუცილებელია, შიშს კი არ გაექცეს, პირიქით მიუახლოვდეს მას. 
„თუ ადამიანს ამ ფობიის დამარცხების მცდელობა ექნება, ის ამას მიაღწევს კიდეც. შიშს არ უნდა დავემალოთ, პირიქით, ეტაპობრივად უნდა მივუახლოვდეთ. ადამიანმა ჯერ უნდა გააცნობიეროს, მართლა სარისკოა თუ არა დახურული სივრცე, შემდეგ უნდა დასახოს გამოსავალი და როდესაც თითოეული რისკიდან გააზრებული გამოსავალი ექნება, ნაბიჯ-ნაბიჯ ამ შიშს თავს დააღწევს, უნდა შეეხო, იმისთვის, რომ დაძლიო,“ – აღნიშნავს თეა გოგოტიშვილი.
მანამ, სანამ კლაუსტროფობიას საკუთარი ძალებითა თუ ფსიქოლოგების დახმარებით დაამარცხებთ, დახურულ სივრცეში მოხვედრის დროს, გახსოვდეთ:
1. ისუნთქეთ სწორად – ცხვირით შესუნთქვა, პირით ამოსუნთქვა.
2. ადევნეთ სხეულს თვალყური, სხეულთან კონტაქტი ამ დროს უმნიშვნელოვანესია.
3. წინასწარ მოემზადეთ, რომ სარისკო აზრები აუცილებლად წამოვა და თქვენ ამ სარისკო აზრებიდან გამოსავალი უკვე გააზრებული უნდა გქონდეთ.
გვანცა ბზიავა
