ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ბანკის ფილიალის გაძარცვაში ეჭვმიტანილი 27 წლის ქართველი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიური მედია ავრცელებს. დაკავებული წარმოშობით ქართველი, ბელგიის მოქალაქეა. სასამართლომ წინასწარი პატიმრობა დაკავებულს შეუფარდა.
ანტვერპენის პროკურატურის განცხადებით, ბანკის ძარცვისა და მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების ჩამოყალიბების საქმის გამოძიება გრძელდება. გამოძიება ვარაუდობს, რომ ბანკის ძარცვაში სამი ადამიანი მონაწილეობდა.
ანტვერპენში ბანკ „ბი-ენ-პი პარიბას ფორტისის“ ფილიალის გაძარცვის შესახებ ინფორმაცია 3 თებერვალს გავრცელდა. მძარცველებმა შენობაში გვირაბისა და საკანალიზაციო სისტემის გამოყენებით შეაღწიეს.
ბანკის წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ, რა რაოდენობის თანხა და ძვირფასეულობაა წაღებული საცავებიდან. ასევე უცნობია, რამდენი საცავია გატეხილი.