LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 წლის კაროლინ კრაუჩი, რომლის სასტიკი მკვლელობაც ქართველს ჰბრალდებოდა, ქმარმა მოკლა: ბერძნული მედია

329
1

საბერძნეთში, ერთი თვის წინ მომხდარი სასტიკი მკვლელობისთვის, პოლიციამ ბრალი მოკლულის ქმარს წაუყენა. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი კაროლინ კრაუჩის ქმარი, ბაბის ანაგნოსტოპულოსი დანაშაულს აღიარებს.

შემთხვევა 11 მაისს, ათენის მახლობლად მოხდა. ქალი საკუთარ სახლში, 11 თვის ქალიშვილის თვალწინ დაახრჩვეს. გარდაცვლილის ქმარი ამტკიცებდა, რომ მისი ცოლი სახლში შეჭრილმა მძარცველებმა მოკლეს, თავად კი იარაღის მუქარით ფული წაართვეს, ბოლოს გაკოჭეს და ასე დატოვეს.

მალევე, მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მას დანაშაულთან კავშირი არ ჰქონდა და გაათავისუფლეს.

ადგილობრივი მედია წერს, რომ 32 წლის პილოტის, ბაბის ანაგნოსტოპულოსის მიერ მიცემული ჩვენებები მოპოვებულ ფაქტებს არ ემთხვეოდა. პოლიციის პრესსპიკერმა კი პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გამოჩნდა ახალი სამხილები, რომელიც განმარტებებს საჭიროებს.

წყაროს მტკიცებით, მამაკაცის ტელეფონში ჩამოტვირთული აპლიკაცია ადასტურებს, რომ ის გადაადგილდებოდა იმ დროს, როდესაც ამტკიცებდა, რომ მძარცველების მიერ დაბმული იყო. მიმოწერის შესწავლის შემდეგ, ასევე ირკვევა, რომ წყვილს ბოლო პერიოდში, დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.

წყაროების თანახმად, ეჭვმიტანილმა გამომძიებლებს განუცხადა, რომ ცოლი მას შემდეგ მოკლა, რაც ქალმა კამათის შემდეგ უთხრა, რომ მიატოვებდა და თან 11 თვის შვილს წაიყვანდა:

“იმ ღამეს ვიკამათეთ. ერთ მომენტში მან ბავშვი საწოლში ჩააწვინა და მითხრა, წავალ და სახლს დავტოვებ, მიბიძგა და მუშტი დამარტყა. მე აფექტური გავხდი და მოვკალი, შემდეგ კი ყაჩაღობა მოვაწყვე.” – გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ასეთია ბრალდებულის ჩვენება.

მან აღიარა დანაშაულის სცენის დადგმა და თქვა, რომ იცრუა, თითქოს 20 წლის კრაუჩი სცემა და დაახრჩო სამმა მძარცველმა, რომლებიც ფულს და ძვირფას ნივთებს ეძებდნენ, ხოლო იგი სავარძელზე იყო მიბმული და ვერაფრით ეხმარებოდა ცოლს.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები