LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენდუქიძის შემდეგ ვერავინ გაბედა სტრუქტურული ცვლილებების გატარება – “გირჩი”

99

“სამინისტროების რაოდენობის შემცირება ცალსახად არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი”,- ასეთია “გირჩის” შეფასება მთავრობაში დაანონსებულ სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით.

“მნიშვნელოვანია, რომ კახა ბენდუქიძის შემდეგ ამ ქვეყანაში ვერავინ გაბედა ამ მიმართულებით ცვლილებების გატარება და პირიქით, წლების განმავლობაში სამინისტროების რაოდენობა მუდმივად იზრდებოდა.

მხარჯველი სტრუქტურების შერწყმა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ეს შეამცირებს მომავალში ბიუროკრატიის ზრდის არეალს.

ამ მხრივ, გაცილებით მეტის გაკეთებაა შესაძლებელი, ვიდრე ხელისუფლებამ დააანონსა. მაგალითად, გაუგებარია, რა ლოგიკით რჩება სოფლის მეურნეობის სამინისტრო ცალკე სტრუქტურად, როცა ენერგეტიკის სამინისტრო ერთიანდება ეკონომიკის სამინისტროსთან. სოფლის მეურნეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ენერგეტიკა? ან ტრანსპორტი? ან ტურიზმი? ან მრეწველობა? რატომ ვტოვებთ ცალკე უწყებად ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელიც შინაარსით ასევე ეკონომიკურია? საერთოდ რა საჭიროა კულტურისა და სპორტის სამინისტრო? და ა.შ”,-აღნიშნულია “გირჩის” განცხადებაში.

“გირჩში” განმარტავენ, რომ ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის, ინვესტიციების მოზიდვისა და სამუშაო ადგილების შექმნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მთავრობის ზომის მაქსიმალურად შემცირება, ანუ მთავრობის ხარჯების მოცულობის შემცირება, რაც არ არის პირდაპირ კავშირში სამინისტროების რაოდენობასთან.

“ამ მხრივ, ჯერჯერობით, არაფერი თქმულა.

შესაბამისად ჩვენ მივესალმებით დაანონსებულ სტრუქტურულ რეფორმას, ვფიქრობთ, სამინისტროების რიცხვის კიდევ უფრო შემცირება იოლად შესაძლებელია, მაგრამ დაველოდებით 2018 წლის ახალი ბიუჯეტის პროექტს, ვნახავთ, რამდენად აისახა ეს ცვლილებები ბიუროკრატიისა და სახელმწიფო ხარჯების შემცირებაზე და მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთებთ საბოლოო შეფასებას”,-აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g