LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა ლილუაშვილი: „ერთადერთი ბოლო ტესტი, რომელიც ხელისუფლებას აქვს ჩასაბარებელი – არჩევნებია, პრაქტიკულად ზუსტად იგივე მოვისმინეთ ევროკავშირისგან… “

117
ბექა ლილუაშვილი

„ხელისუფლება თუ შეძლებს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ მოპაროს არჩევანი და არჩევნები ჩაატაროს თავისუფალ გარემოში – ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, თავის რაღაც პოლიტიკურ აზრს, მნიშვნელობასა და პერსპექტივას შეინარჩუნებს“ – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ლილუაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც „საქართველოში მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიუთითებს“

„უკვე დიდი ხანია, მოცემულობა ძალიან მკაფიოა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთადერთი ბოლო ტესტი, რომელიც ხელისუფლებას აქვს ჩასაბარებელი, არჩევნებია. პრაქტიკულად, ზუსტად იგივე მოვისმინეთ ევროკავშირისგან.

ხელისუფლება თუ შეძლებს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ მოპაროს არჩევანი და არჩევნები ჩაატაროს თავისუფალ გარემოში – ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, თავის რაღაც პოლიტიკურ აზრს, მნიშვნელობასა და პერსპექტივას შეინარჩუნებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არჩევნებს მოიგებს, მაგრამ საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაციის პერსპექტივას შეინარჩუნებს.

თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, ისევ მოიპარავენ ჩვენი ქვეყნის არჩევანს, გააყალბებენ არჩევნებს და ამით კიდევ ერთხელ, საბოლოოდ დაადასტურებენ, რომ ამ ქვეყანაში ავტორიტარიზმი ფორმდება, რა თქმა უნდა, მათ, როგორც ამ ქვეყნის ხელისუფლებასა და პოლიტიკურ ორგანიზაციას, პოლიტიკური მომავალი არ გააჩნიათ. ამას საქართველოს მოქალაქეები ყველას დახმარების გარეშეც მოახერხებენ”, – განაცხადა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საქართველოში მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიუთითებს:

„საქართველო უფრო დამთრგუნველ სურათს წარმოადგენს. მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიუთითებს. სწორედ ამიტომ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია.

თქვენ იცით, რომ ევროპულ დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით გადაწყვეტილებას კომისია იღებს. დაველოდოთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც გადამწყვეტი გამოცდა იქნება საქართველოში დემოკრატიისა და მისი ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის“ – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g