ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე გადაღებულმა ფოტომ, რომელზეც ბერნი სანდერსი თავისი ეკოლოგიური ხელთათმანებითაა ასახული, მთელი ინტერნეტი დაიპყრო. ცოტა ხნის წინ ბერნის თოჯინაც მოუქსოვეს და ერთ იღბლიან მყიდველს მისი შეძენის საშუალება მიეცემა.
უნიკალური თოჯინა eBay–ს აუქციონზე გაიყიდება და მისი გამყიდველი პირობას დებს, რომ შემოსულ თანხას მთლიანად ქველმოქმედებას მოახმარს.
„ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ ბერნი ქველმოქმედებისთვის ყიდდა ჰუდებს, რომელზეც მისი ფოტო იყო დატანილი და მე მაშინვე გადავწყვიტე, რომ ჩემი თოჯინაც ამ მიზნისთვის უნდა გამეყიდა” – ტობი ქინგი, ბერნის თოჯინას შემქმნელი.
უნიკალური ლოტი ონლაინ აუქციონზე შაბათს საღამოს განათავსეს და მისი საწყისი ღირებულება 99 ცენტი იყო, სულ რაღაც ერთ დღეში კი ფასი 15 ათას დოლარამდე გაიზარდა. ვაჭრობა დღეს საღამოს დასრულდება, ასე რომ ვისაც თოჯინის მოპოვება სურს, შანსი ჯერ კიდევ აქვს.
აღსანიშნავია, რომ ბერნის ავტორი უკვე 8 წელია ქსოვითაა დაკავებული და არაერთი საინტერესო ნამუშევარი აქვს შექმნილი.