უძრავი ქონების თვალსაზრისით თბილისი ყველაზე მოთხოვნადი ქალაქია მთელი საქართველოს მასშტაბით. ყოველწლიურად იზრდება მშენებლობების რიცხვი, ჩნდება ახალ-ახალი დასახლებები, უბნები, საცხოვრებელი კომპლექსები და მაძიებლებიც, მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, აკეთებენ არჩევანს შესაბამის უძრავ ქონებაზე.
ბინის ყიდვით დაინტერესებული ადამიანი უპირველესად ყურადღებას ამახვილებს უბანზე, ადგილზე, სადაც აპირებს დასახლებას და თუ მთელი ცხოვრების არა, რამდენიმე წლის გატარებას მაინც. ყველას სხვადასხვა მოთხოვნა აქვს, ზოგს ურჩევნია ქალაქის ცენტრში ცხოვრება, ზოგს პირიქით – გარეუბანში სიმშვიდეში და სიწყნარეში, შესაბამისადაც, აკეთებენ არჩევანს.
თბილისში ყველანაირი გემოვნების ადამიანი იპოვის მასზე მორგებულ უბანს. მაგალითად, ვაკე ქალაქის ყველაზე პრესტიჟული უბანია, თითქოს ერთგვარი სტატუსიცაა იქ ცხოვრება. ინფრასტრუქტურა მაღალ დონეზეა განვითარებული, ახლოს არის რეკრეაციული სივრცეები. ქუჩების განახლებულმა გეგმარებამ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ამ უბანში ბევრად უფრო მარტივი გახადა, ვიდრე აქამდე იყო, სამაგიეროდ, შეიზღუდნენ კერძო ავტომობილის მძღოლები და ხშირად უწევთ დროის გატარება საცობში. მშენებლობების თვალსაზრისით, აქ შეხვდებით როგორც ძველ, ქალაქური სტილის კორპუსებს, ასევე ახალ საცხოვრებელ კომპლექსებს, კონსიერჟით, აუზით, სატრენაჟორო დარბაზით და.ა.შ. ბინის ფასები ვაკეში საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით ახალაშენებულ კორპუსებში. ბუნებრივია, ღირებულებაზე გავლენას ახდენს ბინის მდგომარეობა და რემონტიც. ბინები ვაკეში საოცარი მრავალფეროვნებით გამოირჩევა, კვადრატული მეტრის ფასი ახალგარემონტებულ და ახალაშენებულ კორპუსში 4500 ლარიდან იწყება და 7500 ლარამდე მერყეობს.
ვაკის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უბანი საბურთალოა. ესაა ქალაქის ცენტრი, რომელთანაც ახლოს არის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურული ნაგებობა – სასწავლებლები, კლინიკები, კვების ობიექტები, მარკეტები, მეტრო. საბურთალო საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა გადაჭიმული – პეკინი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, კანდელაკის, ყაზბეგის, მიცკევიჩის, ბახტრიონის ქუჩები ბევრად უფრო კარგ საცხოვრებლად მიიჩნევა, ვიდრე შედარებით მაღალ ადგილებში მდებარე დასახლებები, თუმცა, იქაც საკმაოდ ბევრი და კარგი მშენებლობაა და ვითარდება ყველა თვალსაზრისით. საბურთალოზე ბინების ფასები სხვადასხვაგვარია, ძველ შენობებში კვადრატულის ფასი 2500 -3500 ფარგლებშია, თუმცა სხვა ვითარებაა ახალ აშენებულ კორპუსებში, სადაც კვადრატული 4000 – 5500 ლარში მერყეობს.
ბოლო წლებში, განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა კრწანისმა და მოთხოვნაც გაიზარდა. სუფთა ჰაერი, ქალაქის ყველა უბანთან სიახლოვე, სიმშვიდე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მუდმივად მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ის მახასიათებლებია, რის გამოც კრწანისს ირჩევენ. ამ უბანზე არჩევანს აჩერებენ როგორც დეველოპერები, ასევე კერძო მესაკუთრეები, ბევრია კერძო სახლის ყიდვისა თუ აშენების მსურველიც. ადრე თუ მოთხოვნის გამო მაღალი ფასები არ ჰქონდა კრწანისში მდებარე ბინებს, დღეს ვითარება შეიცვალა, ახალაშენებულ კორპუსებში 3400 – 4200 ლარია კვადრატულის ფასი, გარემონტებული კეთილმოწყობილი კერძო სახლის შემთხვევაში კი ფასები ბევრად მაღალ მიდის და ძირითად შემთხვევაში, 2 მილიონ ლარს სცდება.
R