თბილისი-ბათუმის მატარებლით მგზავრობა ძვირდება. პირველი ივლისიდან შვეიცარული კომპანია „შტადლერის“ ორსართულიანი ელექტრო მატარებლის ბიზნეს კლასის ბილეთების ფასი 100 ლარი ხდება. პირველი კლასის ბილეთი კი 45 ლარის ნაცვლად 60 ლარი ეღირება.
როგორც “ფორტუნას” საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ განუცხადა, ფასის გაზრდა, მხოლოდ ბიზნეს კლასისა და პირველი კლასის ბილეთებს ეხება.
“საქართველოში სარკინიგზო მგზავრთა გადაყვანა დოტაციურია და სუბსიდირება ხდება ამ მიმართულებით. ბიზნეს და პირველმა კლასმა, სადაც დამატებით კოფორტს ითხოვს მომხმარებელი, მან თავად უნდა გადაიხადოს ამ კომფორტში ფული. ჩვენ არ უნდა დავასუბსიდიროთ ეკონომ კლასის გარდა, სხვა მგზავრობა. იმიტომ რომ ბიზნეს და პირველი კლასი ის საფასო სეგმენტია, რომელიც თავად უნდა იხდიდეს ამ სიამოვნებაში ფულს”, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.
რაც შეეხება ეკონომ კლასის ბილეთების გაძვირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, დაჩი ცაგურია ამას კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, ამ ტიპის ბილეთები უბრალოდ, სეზონურ ფასს უბრუნდება – 18 ლარის ნაცვლად, ზაფხულის პერიოდში მისი შეძენა 24 ლარად იქნება შესაძლებელი.
“მეოთხე წელია უკვე გვაქვს სეზონური და არასეზონური ფასები. 2012 წლამდე ეკონომ კლასი მუდმივად 25 ლარი ღირდა. ჩვენ 10 თვის განმავლობაში გავაკეთეთ ფასდაკლება და 24 ლარიან ბილეთს არასეზონურ პერიოდში 18 ლარად ვთავაზობთ მგზავრებს. ახლა ისევ ზაფხულია და შესაბამისად ბილეთის ღირებულება სეზონურ ფასს დაუბრუნდა”, – განმარტა დაჩი ცაგურიამ.
თამთა უთურგაშვილი