სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 18.1 პროცენტით გაიზარდა და 51.7 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2022 წლის IV კვარტალში მისი მოცულობა 19.8 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22.1 პროცენტით მეტია.
საქსტატის ცნობით, 2022 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 62.0 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 15.6 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 22.4 პროცენტი – მცირე ბიზნესზე. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 43.7 პროცენტი, საშუალოზე – 23.8 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 32.5 პროცენტი.
საქართველოში საშუალო ხელფასი 1 595 ლარამდე გაიზარდა - საქსტატი
საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით თბილისი და აჭარის რეგიონი ლიდერობს.
“2022 წლის IV კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 30.4 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.8 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 18.4 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.0 პროცენტით მეტი) შეადგინა.
2022 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 741.0 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 6.9 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.1 პროცენტი ქალია, ხოლო 56.9 პროცენტი – კაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41.7 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 21.8 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 36.4 პროცენტი – მცირე ბიზნესზე. საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 699.5 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.3 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 4 086.8 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.5 პროცენტით მეტი). 2022 წლის IV კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 911.1 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 313.2 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 487.0 ლარი შეადგინა (გასული
წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 244.4 ლარით)”, – აღნიშნული სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაში.
საქსტატის მიხედვით, საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:
⦁ მსხვილი ბიზნესი – 2 007.2 ლარი
⦁ საშუალო ბიზნესი – 2 165.3 ლარი
⦁ მცირე ბიზნესი – 1 602.1 ლარი.