ჟურნალისტი ბექა კოკაია აქვეყნებს ბლოგს, რომელიც ე.წ. შუაშისტების წინააღმდეგაა მიმართული, რომლებიც ყველა მნიშვნელოვან საკითხზე საკუთარ ნეიტრალურ პოზიციას გამოთქვამენ.
ბექა აღნიშნავს:
„ბლოგი უნდა დავწერო.
ალბათ, წერას იმით დავიწყებ, რომ ერთხელ გეი კაცი შემხვდა, ხელი გამომიწოდა ჩამოსართმევად და მეც ჩამოვართვი. თავიდან ცოტა კი ვინერვიულე, მაგრამ საერთოდ არაფერი მომსვლია. და იმის მერე როცა გეები მხვდებიან, ხელს ადვილად ვართმევ ხოლმე. მერე ხალხს უნდა მოვუწოდო, ნუ გეშინიათ გეების, მე ხელი ჩამომირთმევია და არაფერი მომივიდა-მეთქი. იქვე ენჯეოშნიკებსაც უნდა ვუთხრა, ნუ ქმნით ყველაფრიდან სკანდალს გრანტის მოზიდვის გამო! აი, მე გეის ხელი ჩამოვართვი და სხვებიც ჩამოართმევენ, შესაბამისად, არ აქვთ პრობლემა და ნუ იგონებთ-მეთქი.
მერე იქვე დავწერ, რომ გუშინ ჩემი შვილი ვაბანავე. ჰო, აი ასე, ავდექი და ჩემი ხელით ვაბანავე, მე, მამამ! და ეგ კი არა, ძილის წინ ზღაპარიც კი წავუკითხე. მე, კაცმა, მამამ, ვაბანავე და ზღაპარი წავუკითხე ჩემ შვილს! და მერე, მამებს უნდა მოვუწოდო, რომ შვილები თვითონაც აბანაონ, გაასეირნონ და წაუკითხონ ზღაპარი ძილის წინ. მოვუწოდო, როგორც კარგმა ტიპმა, რომელმაც ეს „შეძლო“ და ქვეტექსტი იყოს ის, რომ მე კაცი ვარ და რადგან ეს გავაკეთე, მაგარი ტიპი ვარ, იმიტომ, რომ ბავშვის მოვლა და ბავშვთან ურთიერთობა ძირითადად ქალების, დედების საქმეა. ჰოდა, ამას ისე გამოვიყვან, რომ ეს ჩემი კეთილი ნება იყო და არა პასუხისმგებლობა.
მერე ძაან მნიშვნელოვანს მივადგები! დავწერ, რომ ჩემს შეყვარებულს ჩემამდეც ჰქონია სექსი. არ შემრცხვება და დავწერ. იმასაც დავწერ, რომ მე მას მისი წარსული „ვაპატიე“ და ყველა ბიჭს მოვუწოდებ, რომ თუ მართლა გიყვარს, უნდა აპატიო, რადგან შეუცდომელი მხოლოდ ღმერთია. ამას დავწერ და სულ არ გამახსენდება, რომ მეც მქონია ჩემს შეყვარებულამდე სექსი და არასდროს არ მომსვლია აზრად, ამის გამო ვინმესთვის ბოდიში მომეხადა. არც იმაზე დავფიქრდები, რომ ადამიანს, რომელსაც ჩემთვის არასდროს უღალატია და ჩემამდე ზუსტად ისე ცხოვრობდა, როგორც მე, ჩემი საპატიებელი არაფერი აქვს. ისიც ჩემსავით, იმას აკეთებდა, რაც მოწონდა.
მერე იმაზე დავწერ, რომ მე „ორწლიანი შენგენი“ მქონდა და ბედნიერი ვიყავი. და რადგან ეს ვიზა მქონდა, საერთოდ არ გამხარებია უვიზო რეჟიმი ევროპასთან. არა, განა იმიტომ, რომ შურიანი ვარ და სხვებიც რომ ივლიან ევროპებში მაგის მშურს, არა! უბრალოდ, მე ხომ მაინც მქონდა ვიზა, თან ორწლიანი და შესაბამისად, [რავი] ჩემთვის არაფერი მომხდარა განსაკუთრებით სასიხარულო. ანუ, არც მწყენია და არც გამხარებია რა. იმაზეც აუცილებლად დავწერ, რომ აი, უვიზო მეგობრებიც მყავს და საერთოდაც, ისეთი მეგობრებიც მყავს, რომლებიც არასდროს არიან ნამყოფები საზღვარგარეთ, მაგრამ მერე რა, მე მაინც ჩვეულებრივად ვმეგობრობ მათთან, ისე, რომ პრობლემა არ მაქვს.
კარგი ბლოგი გამომივიდოდა. თან, ბოლოს, ისევ ჩემს შეყვარებულს მივუბრუნდებოდი. აი, რომ ვაპატიე, იმას. გავიხსენებ, როგორ მშვიდად „ვაძლევ უფლებას“, ჩაიცვას დეკოლტე და მოკლე კაბა. ოო, როგორ არ მსიამოვნებდა ეს, მაგრამ გადავლახე, იმიტომ, რომ მიყვარს და არ მინდა ამის გამო ვაწყენინო. ეგ კი არა, იმაზეც დავწერ, შაბათს დაქალებთან ერთად კლუბშიც რომ „გავუშვი“. ძაან მთხოვა გამიშვიო და გავუშვი. ოღონდ მანამდე ბევრი ვიფიქრე. ამით ვაგრძნობინე, რომ მასზე ვნერვიულობდი. რომ მიყვარს, იმიტომ ვნერვიულობდი. ჰოდა, მერე სხვა ბიჭებსაც მოვუწოდებდი, გაუშვით თქვენი გოგოები კლუბში, მით უმეტეს, თუ დაქალებთან ერთად მიდის, არ ღირს წყენად! ასე, ამაყად გავუშვებდი და არც იმაზე დავფიქრდებოდი, რომ ჩემი შეყვარებული არაა არასრულწლოვანი შვილი, რომლის გაშვება და არ გაშვება ჩემი გადასაწყვეტია.
კიდევ დავწერდი… აი, ჩემ თვალწინ რომ ბიჭს არასდროს ვაცემინებ გოგოს, მაგაზე დავწერდი, ამას წინათ რომ შევესწარი და ბიჭს რომ ვუთხარი, იასნია, გოგოს ბრალია, მაგრამ მოდი, მე მეცი პატივი და ჩემ თვალწინ არ ცემოთქო. იმაზეც დავწერდი, ჩემი ახალდაქორწინებული ძმაკაცი ბოზებში რომ მიდიოდა და რომ ვთხოვე, არ გინდა შეჩემა! ნუ, ჯერ არ გინდა. გავიდეს ცოტა დრო და მერე წადი, სად გაიქცევიან ბოზებითქო და რომ დამიჯერა. აუცილებლად დავწერდი იმაზეც, როგორ მეზიზღება რუსეთი, მაგრამ ევროპასთანაც ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ისინი ჩვენ ტრადიციებს ებრძვიან… უუუხ, რამდენ რამეს დავწერდი!
მორჩა, ბლოგის წერას ვიწყებ…
პ.ს. შუაშისტებო, მთელ დედამიწაზე თქვენ ხართ ყველაზე დიდი მავნებლები. მართლა რომ წერთ ასეთ … ბლოგებს და რომ გგონიათ, კარგ საქმეს აკეთებთ“.