LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-ს, Mercedes-Benz-სა და Volkswagen-ს კრახი უწინასწარმეტყველეს

149
ქირიას NEWS შაბლონი (1)

გერმანელი ეკონომისტი და Kiel Institute for the World Economy-ის ხელმძღვანელი მორიც შულარიკი გერმანული ავტო კონცერნების მომავალს პესიმისტურად აფასებს. მისი პროგნოზით, თუ BMW, Mercedes-Benz და Volkswagen მუშაობის მიდგომას მნიშვნელოვნად არ შეცვლიან, 2030 წლისთვის ისინი შესაძლოა ვეღარ არსებობდნენ იმ ფორმით, როგორც დღეს არიან წარმოდგენილი.

როგორც პორტალი Hibridos y Electricos წერს, შულარიკის დასკვნები ეფუძნება ევროპული ავტო სექტორის მიმდინარე მდგომარეობის ანალიზს. მისი თქმით, ინდუსტრიას კიდევ უფრო რთული პერიოდი ელოდება. ელექტრიფიკაცია, ციფრულიზაცია და გლობალური კონკურენცია ბაზარს რადიკალურად ცვლის, ხოლო ტრადიციული ღირებულებები ათწლეულის ბოლოსთვის მნიშვნელობას დაკარგავს.

ეკონომისტის აზრით, გერმანული გიგანტები კვლავაც ტრადიციულ მიდგომებზე – ხარისხსა და ინჟინერიაზე არიან ორიენტირებულნი, თუმცა მათ წინაშე დგას ძლიერი ტექნოლოგიური და პოლიტიკური წნეხი, რომელიც ძველ ბიზნესმოდელს სერიოზულ გამოწვევას უქმნის. მომავალში გადამწყვეტ როლს პროგრამული უზრუნველყოფა, ხელოვნური ინტელექტის განვითარება და ავტონომიური მართვის სისტემები ითამაშებს.

შულარიკის შეფასებით, BMW, Mercedes-Benz და Volkswagen უკვე ჩამორჩებიან რიგ გლობალურ კონკურენტებს, განსაკუთრებით ჩინურ კომპანიებს, რაც მათ პოზიციებს მთავარ ბაზრებზე ასუსტებს. თანამედროვე ავტომობილი სულ უფრო მეტად გადაიქცევა არა მხოლოდ გადაადგილების საშუალებად, არამედ „ციფრულ სერვისად“. ეკონომისტი ასევე მიუთითებს სტარტაპებზე, რომლებსაც ნაკლები ისტორიული მემკვიდრეობა აქვთ, მაგრამ გაცილებით მაღალი ტექნოლოგიური მოქნილობით გამოირჩევიან.

როგორც წარმატებული ადაპტაციის მაგალითს, იგი ასახელებს შვედურ Volvo Cars-ს, რომელიც დღეს ჩინური კონცერნის Geely-ის შემადგენლობაში შედის. თუმცა, სხვა დარგის ექსპერტები აღიარებენ არსებულ გამოწვევებს, მაგრამ შულარიკის შეფასებას ზედმეტად პესიმისტურად მიიჩნევენ.

თავის მხრივ, Volkswagen-მა 2024 წლის ბოლოს ხარჯების შემცირების პროგრამა დააანონსა. მიმდინარე წლის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტრატეგია შესაძლოა კიდევ უფრო გამკაცრდეს – მენეჯმენტი სამი წლის განმავლობაში დამატებით 20%-იანი შემცირების გეგმას განიხილავს, რაც შესაძლოა რამდენიმე ქარხნის დახურვასაც გულისხმობდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g