ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურებული ახალი შემთხვევებიდან 3 ბოჭორიშვილის კლინიკაში დაფიქსირდა. სამივე ამავე კლინიკის თანამშრომელია. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა განაცხადა. გიორგი გახარიას განმარტებით, ახალი 8 შემთხვევიდან ორის წყარო ამ ეტაპზე უცნობია, ამიტომ საუბრები ეპიდემიის დამარცხებასთან დაკავშირებით უკიდურესად ნაადრევია.
„დღეს ქვეყანაში ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გვაქვს. არ არის 8 შემთხვევა ბევრი, მაგრამ სამწუხაროდ, ამ 8 შემთხვევიდან 3 გახლავთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, კერძოდ, ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომლები, 2 შემთხვევის წყარო კი უცნობია. ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ რეალურად, საუბრები ეპიდემიის დამარცხებასთან დაკავშირებით როგორც მინიმუმ, უკიდურესად ნაადრევია. ამიტომ მობილიზაციის კიდევ უფრო მაღალი ხარისხი გვმართებს” – განაცხადა გახარიამ.
კომენატარი კლინიკაში მოგვიანებით გაკეთდება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2 შემთხვევის შესახებ ინფორმაცია წუხელ ღამით გავრცელდა, დანარჩენი 6 პირის მონაცემები კი stopcov.ge-ზე დღეს აისახა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 818 შემთხვევაა დადასტურებული.