„ქართული ოცნების“ დეპუტატის და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას მიერ, თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლები ნატო-ს წევრი სახელმწიფოების საელჩოებისთვის წერილს ამზადებენ.
როგორც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, ირაკლი ბერაიას, რომელიც ნატო-ში საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარეა, საქართველოს პარტნიორებთან კომუნიკაციაში ძალიან დიდი დისკომფორტი შეექმნება:
„პაპუაშვილისგან გასაკვირი არ არის, რომ ადეკვატური ზომების მიღება არ სურს. ის არის ადამიანი, რომელიც არამხოლოდ ვერბალურ, ფიზიკურ ძალადობას არ ერიდება ქალის წინააღმდეგ და ეს საზოგადოებამ იხილა.
რაც შეეხება სამართლებრივ ნაბიჯებს, მეც განვიხილავდი სასამართლოს გზას, მაგრამ იმ პირობებში, როცა სასამართლო არის სრულად დაქვემდებარებული ივანიშვილის პარტიულ ვერტიკალს, დიდი მოლოდინი, რომ სამართლებრივი გზით შედეგის მიღწევა შეიძლება, არ მაქვს. თუმცა, ფორმალურად შეიძლება მაინც ღირდეს სასამართლოსთვის მიმართვა.
რაც შეეხება საერთაშორისო ასპარეზს, მე ამაზე უფრო მქონდა აქცენტი, როცა თეონა აქუბარდიას ვესაუბრებოდი, ჩვენ ვაპირებთ და ვამზადებთ უკვე წერილს, რომელიც გაეგზავნება ნატო-ს წევრი ყველა სახელმწიფოს საელჩოს ჩვენს ქვეყანაში, რადგან ეს ადამიანი არის ნატო-ში საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარე, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე და გარწმუნებთ, მას ძალიან დიდი დისკომფორტი შეექმნება ჩვენს პარტნიორებთან კომუნიკაციაში“, – ამბობს თინა ბოკუჩავა.
ცნობისათვის, 31 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას „უსინდისო და სამარცხვინო მატყუარა“ უწოდა და მისი მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა.
ამავე თემაზე:
იაგო ხვიჩია: ბერაია ამ გზაზე იდგა დიდი ხანია, უბრალოდ არავინ „წაატორმუზა“, როცა შეცდომებს უშვებდა