ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები იყო ყველაზე ცუდი 2012 წლის შემდეგ, უაღრესად აგრესიული კამპანიით პირველივე დღიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კონფერენციაზე – „2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები“ განაცხადა. კობახიძის თქმით, 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში სამართლიანი, თავისუფალი არჩევნებია უზრუნველყოფილი.
„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება თითოეული ჩვენგანისთვის საკვანძო მნიშვნელობის ამოცანაა, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრესი მიღწევა. 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში სამართლიანი, თავისუფალი არჩევნებია უზრუნველყოფილი და სწორედ ასეთი არჩევნების საფუძველზე ყალიბდება კოსტიტუციური ორგანოები. ამ კუთხით არის ფუნდამენტური წინსვლა. ასევე, ჩვენი ამოცანაა მშვიდობიანი არჩვენების ჩატარება. მშვიდობიანში არ იგულისხმება მხოლოდ ფიზიკური ძალადობის არარსებობა აქ იგულისხმება ვერბალური აგრესიისგანაც არჩევნების მაქსიმალური გათავისუფლება. ამ კუთხით გვაქვს გამოწვევები, რაზეც არის აუცილებელი მსჯელობა.
საპრეზიდენტო არჩევნებზე შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები 2012 წლის შემდეგ, იყო უაღრესად აგრესიული კამპანია, პირველივე დღიდან. ამას სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა. მთავარი მიზეზი არის ის, რომ იყო პოლარიზებული გარემო. ასევე, ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით – ჯერ კიდევ საკონსტიტუციო რეფორმების განხორციელების დროს ვფიქრობდით, რომ არასწორი იყო საპარლამენტო სისტემაში პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევა იმ პირობებში, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატებს არ აქვთ საარჩევნო პროგრამები. ბუნებრივია, მთლიანად ორიენტირებული საარჩევნო კამპანია პერსონალურ თავდასხმებზე, აგრესიაზე. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელი იყო ასეთი სახით საარჩევნო კამპანიის წარმართვა და სამწუხაროდ, ეს მოლოდინი გამართლდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რომ ეს გარემო შეიცვალოს ჩვენს ქვეყანაში.
„ზოგადად, იყო მნიშვნელოვანი ხარვეზები. ამ ხარვეზებში ბრალი აქვს სხვადასხვა მხარეს, მათ შორის მმართველ პარტიასაც. იყო სხვადასხვა კუთხით პრობლემები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მთელი რიგი ფაქტები, ასევე პრობლემა, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ერთგვარი ცუდი ტრადიცია. ეს არის აგიტატორების ზედმეტად ჩართულობა საარჩევნო კამპანიაში, მთელი რიგი ხარვეზები, რაშიც ბრალი მიუძღვის სხვადასხვა მხარეს, მათ შორის, მმართველ პარტიასაც. მმართველი პარტიის კრიტიკის პრივილეგიას მე დავუტოვებ ჩვენს ოპონენტებს,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.