ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი წინააღმდეგია, რუსებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალოს.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მან ესპანეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ყველა რუსისთვის აკრძალვა არ არის საუკეთესო იდეა. ჩვენ უფრო შერჩევითი უნდა ვიყოთ”, – განაცხადა ბორელმა.
მანვე დასძინა, რომ ევროკავშირმა არ უნდა გაუღოს კარი ოლიგარქებს, მაგრამ „ბევრია რუსი, ვისაც სურს ქვეყნიდან გაქცევა, რადგან მათ არ სურთ ასეთ ვითარებაში ცხოვრება”.
ბორელმა აღნიშნა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე მიიღო მთელი რიგი სავიზო აკრძალვები, რომლებსაც ევროკავშირის სხვა ქვეყნები მხარს არ დაუჭერენ და დასძინა, რომ უკეთესი იქნება, ეს საკითხი ჯერ ევროკავშირის დონეზე განიხილონ.
როგორც ცნობილია, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 31 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე უკრაინაში ომის ფონზე რუსებისთვის სავიზო შეზღუდვების შესახებ იმსჯელებენ.
