სტადიონ “შევარდენის” მედიაცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე და “ბორჯღალოსანთა” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ლევან მაისაშვილი უძღვებოდნენ. ორივემ “ბორჯღალოსანთა” ნოემბრის ტესტ-მატჩებზე ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენები ნოემბერში ორ ტესტ-მატჩს სამშობლოში გამართავენ.
გოჩა სვანიძე:
“შეგვიძლია ხმამაღლა განვაცხადოთ, რომ გამომდინარე ჩასატარებელი 6 ტესტ-მატჩიდან, ქართული რაგბის გულშემატკივრებს სასიამოვნო წელი ელით. ეს არის გამოწვევა ჩვენთვის. გვსურს, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორ “მსოფლიო რაგბის”, რომლის დახმარებითაც ამ ეტაპზე გავედით.
ნაკრები ძლიერი შემადგენლობით ჩაატარებს ამ მატჩებს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ფრანგულ გუნდებს არავინ ეკითხება, ვინ იქნება ჩვენს ნაკრებში და ვინ – არა. ამას ჩვენ გადავწყვეტთ – გავითვალისწინებთ მოთამაშეთა ინტერესებს და ამის მიხედვით მოვიწვევთ ნაკრებში. ყველა ეროვნული ნაკრების წევრისთვის უპირველესი რამ ყოველთვის ეროვნული ნაკრები იყო.
ამ ტესტ-მატჩებიდან ყველაზე რთული მეტოქე შოტლანდიაა, რომელმაც ბოლო წლებში ძალიან დიდი პროგრესი განიცადა. მათთან თამაში ჩვენთვის უდიდესი გამოცდა იქნება, რაც სამომავლოდ მხოლოდ დადებითად წაგვადგება. მინდა გულშემატკივარმა გაითვალისწინოს, რომ ჩვენი გუნდი 4-წლიან მზადების პროცესზეა გადასული.
ჩვენი სამიზნე არასდროს ყოფილა “ექვს ერში” მოხვედრა. ჩვენი მიზანი ყოველთვის მსოფლიოს ჩემპიონატია!”
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბერში ორ ტესტ-მატჩს ჩაატარებს და ორივეში მასპინძლის სტატუსი ექნება. ერთ-ერთი მეტოქე იაპონიის ნაკრები იქნება, რომელიც დედაქალაქს 12 ნოემბერს ესტუმრება, 18-ში “ბორჯღალოსნები” სამოას უმასპინძლებენ.
