LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯღალოსნების კუნძულელი მეტოქე: გულადი სამოა

25

შაბათს, 19 ნოემბერს ბორჯღალოსნები შემოდგომის ტესტ-სერიის მეორე შეხვედრას გამართავენ. ესაა წლის ბოლო საშინაო მატჩი და სტუმარი სამოას ძლიერი გუნდი იქნება.

თამაში მიხეილ მესხზე, 15:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი – 3, 5 და 10 ლარია და მათი შეძენა სტადიონის სალაროებში ყოველდღე, 11-იდან 19 საათამდეა შეასაძლებელი. აგრეთვე, გრძელდება ონლაინ გაყიდვები ბმულზე: TKT.GE/Rugby

 

გულადები
სამოას კუნძულებზე რაგბი ყველაზე პოპულარული სპორტია და ამ ქვეყნის ნაკრებს, რომელსაც მეტსახელ მანუ სამოათი (გულადი სამოა) იცნობენ, ხშირად აქვს პატივი, ბობოლა სარაგბო ქვეყნებს ეთამაშოს. ერთ დროს ის მსოფლიო რეიტინგის ათეულის მკვიდრი წევრი იყო და სწორედ მაშინ შეძლო საქართველომ მეტოქის დამარცხება. ეს 2013 წლის 23 ნოემბერს, მესხზე მოხდა და ბორჯღალოსნებმა პირველად შეძლეს „დიდი ათეულის“ (იმ მომენტისთვის სამოა მე-7 ადგილზე იყო) წარმომადგენლის დამარცხება – 16-15. მანამდე, გუნდების გზები პირველად 2003 წლის მსოფლიო თასზე გადაიკვეთა და მაშინ მეტოქემ 46-9 იმარჯვა, ხოლო ამა წლის ივნისში, ბორჯღალოსნები აპიას ეწვივნენ და ფრედ, 19-19 ითამაშეს. ამრიგად, დღეისათვის ურთიერთშეხვედრების ბალანსი თანაბარია – თითო-თითო მოგება, ფრე და წაგება.

 

სამოური ოვალის ისტორია
სამოაში რაგბი ფრანგმა ძმებმა მარისტებმა 1920 წელს დანერგეს, 1924 წელს კი, დასავლეთ სამოას რაგბის კავშირი დაარსეს. იმავე წელს, ნაკრებმა თავისი პირველი საერთაშორისო შეხვედრა გამართა, აპიაში ფიჯის უმასპინძლა და საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ 0:6 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ თამაში გამთენიისას გაიმართა, რათა სამოელებს სამუშაოზე წასვლა მოესწროთ. საპასუხო მატჩში სამოამ რევანში აიღო და თავისი პირველი გამარჯვება მოიპოვა – 9:3.
სამოამ, რომლის მოსახლეობაც 200 ათას ადამიანს არ აღემატება, პირველი დონის სარაგბო ქვეყნების ნაკრებებთან რამდენიმე სახელოვანი გამარჯვება მოიპოვა. 1991 წელს კუნძულელებმა უელსი 16-13 და არგენტინა 35-12 დაამარცხეს, 1994 წელს უელსი 34-9, 1995 წელს იტალია 42-18 და არგენტინა 32-26, 1996 წელს ირლანდია 40-25, 1999 წელს უელსი 38-31, 2000 და 2001 წლებში იტალია 43-24 და 17-9, 2005 წელს არგენტინა 28-12, 2011 წელს ავსტრალია 32-23, 2012 წელს უელსი 26-19, 2013 წელს შოტლანდია 27-17 და იტალია 39-10 და 2014 წელს იტალია 15-0.
სამოას პირველი დონის გუნდებიდან დადებითი ბალანსი აქვს არგენტინასთან – 3 მოგება და 1 მარცხი, იტალიასთან – 5 მოგება და 2 მარცხი, ხოლო უელსს 5 მარცხის წილ, 4 მარცხი აგემა. კუნძულელებს ყველა შეხვედრა აქვთ მოგებული კანადასთან და აშშ-სთან და დადებითი ბალანსი აქვს იაპონიასთან – 11 მოგება და 4 ფრე. ამ გუნდმა ყველაზე დიდი სხვაობით პაპუა ახალი გვინეა დაამარცხა – 115-7, ხოლო თავად 2008 წელს ახალ ზელანდიასთან დამარცხდა – 14-101.
სამოა პირველ, 1987 წლის მსოფლიო თასზე მიწვეული არ იყო, მას შემდეგ კი, შვიდივე ტურნირში მონაწილეობდა. 1991 და 1995 წლებში, გუნდმა მეოთხედფინალში ითამაშა, ხოლო 1999 წელს მეოთხედფინალის შესარჩევ პლეი-ოფში. მას შემდეგ ის ჯგუფური ეტაპის გადალახვას ვერ ახერხებდა, 2015 წლის მსოფლიო თასზე კი, ჯგუფში მხოლოდ მე-4 ადგილი დაიკავა და 2019 წლის მსოფლიო თასის საგზურისთვის წყნარი ოკეანის რეგიონალურ ტურნირში იბრძვის.

 

ტრადიციული რიტუალი
მანუ სამოა თამაშის წინ ტრადიციულ საბრძოლო ცეკვას ასრულებს, რომელსაც სივა ტაუ ეწოდება. ესაა ტრადიცია, ერთგვარი რიტუალი, რომელიც მორაგბეებს საბრძოლოდ განაწყობს და მეტოქისადმი პატივისცემას გამოხატავს. საქართველოში სივა ტაუ ცოცხლად 2013 წელს ვიხილეთა და 19 ნოემბერს ამის პატივი კიდევ ერთხელ გვექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები