ბორჯომის ქარხნის მუშების გაფიცვა დასრულებულია, ორივე ქარხანა ხვალიდან სრული დატვირთვით დაიწყებს მუშაობას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ცნობით, 8 დღიანი სრულმასშტაბიანი გაფიცვის შემდეგ დასაქმებულებს, პროფკავშირებსა და ადმინისტრაციას შორის შეთანხმება შედგა. დასაქმებულთა მოთხოვნების უმეტესი ნაწილი დაკმაყოფილდება, ხელფასები გაიზრდება და შრომითი პირობები გაუმჯობესდება.
„პროტესტის ფონზე შეიცვალა სს ბორჯომის ადმინისტრაცია და დირექტორი. ახალი დირექტორი, წინასგან განსხვავებით პროფკავშირებთან დიალოგზე წამოვიდა და პროცესის პოზიტიურ გადაწყვეტას შეუწყო ხელი.
შეთანხმებას წინ უძღოდა მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილს, ვაჭრობის და მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძეს, სს ბორჯომის დირექტორ მერაბ ახმეტელსა და ქარხნის პროფკავშირული კომიტეტის წევრებს შორის“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, 18 მაისს, ბორჯომის N1 და N2 ჩამომხსმელი ქარხნების თანამშრომლები გაიფიცნენ, ისინი ხელფასის მომატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. აგრეთვე დასვენებისა და შესვენების უფლებას, ზეგანაკვეთურ ანაზღაურებასა და კომპანიაში პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვას.
დასაქმებულთა თქმით, მათი ხელფასები ერთი წლის განმავლობაში 200-250 ლარით იკლებდა. კადრების სიმცირის გამო შესვენებით ვერ სარგებლობენ და ზეგანაკვეთურ სამუშაოსთვის მხოლოდ მცირე ნაწილს უნაზღაურებდნენ.
გაფიცულები ხელმძღვანელ პირებთან მოლაპარაკებებს რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდნენ, ასევე მიმდინარეობდა 21-დღიანი სამედიაციო პროცესი, თუმცა უშედეგოდ. გაფიცვაში მონაწილეობას 400-მდე დასაქმებული იღებს, შედეგად სრულად გაჩერებულია ორივე ქარხნის მუშაობა.
IDS ბორჯომმა ორივე ქარხნის მუშაობა შეაჩერა
IDS ბორჯომი: თანამშრომლების დიდი ნაწილი გამოთქვამს სურვილს, რაც შეიძლება სწრაფად განაახლონ მუშაობა
