ხვალ, 21 მაისს, 16:00 საათზე ბორჯომის N1 ქარხანასთან ზესტაფონელი მეტალურგები, ჭიათურელი მაღაროელები, რუსთავის აზოტის თანამშრომლები, მძღოლები, მეტროს მუშაკები, რკინიგზელები და პროფკავშირების სხვა წევრები სს „ბორჯომის“ გაფიცულ თანამშრომლებს სოლიდარობას გამოუცხადებენ,-ინფორმაციას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.
„ხვალინდელი პროტესტი ერთგვარი გამაფრთხილებელი აქციაა – თუ სს „ბორჯომის“ ადმინისტრაცია უახლოეს ვადებში დასაქმებულების მოთხოვნების შესასრულებლად ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, მომდევნო აქციაში პროფკავშირების გაერთიანება თავის სრულ ადამიანურ რესურსებს გამოიყენებს.
შეგახსენებთ, 18 მაისს, ბორჯომის N1 და N2 ჩამომხსმელი ქარხნების თანამშრომლები კანონიერად გაიფიცნენ, ისინი ხელფასის მომატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. აგრეთვე დასვენებისა და შესვენების უფლებას, ზეგანაკვეთურ ანაზღაურებასა და კომპანიაში პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვას.
დასაქმებულთა თქმით, მათი ხელფასები ერთი წლის განმავლობაში 200-250 ლარით იკლებდა. კადრების სიმცირის გამო შესვენებით ვერ სარგებლობენ და ზეგანაკვეთურ სამუშაოსთვის მხოლოდ მცირე ნაწილს უნაზღაურებდნენ.
გაფიცულები ხელმძღვანელ პირებთან მოლაპარაკებებს რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდნენ, ასევე მიმდინარეობდა 21-დღიანი სამედიაციო პროცესი, თუმცა უშედეგოდ. გაფიცვაში მონაწილეობას 400-მდე დასაქმებული იღებს, შედეგად სრულად გაჩერებულია ორივე ქარხნის მუშაობა.
გაფიცვის სამი დღის განმავლობაში, კომპანიის ადმინისტაციის მხრიდან ადგილი ჰქონდა დასაქმებულების პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციას, ადმინისტრაციისგან გაფიცულების მიმართ პირდაპირ დაშინებასა და მუქარას, კანონიერ გაფიცვაში მონაწილეობისა და მედიასთან კომუნიკაციის გამო“, – აღნიშნულია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.